ქუთაისში საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" გაიხსნა [PHOTO]
ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს მასპინძლობს. დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა „არტისტერიუმი XII გზაზე - ქუთაისი“ გაიხსნა.
ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის ქუთაისში გახსნის ერთ-ერთი მიზეზი კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციაა, ქუთაისი კი მდიდარი მოდერნისტული ტრადიციებით და იმ განსაკუთრებული წვლილით შეირჩა, რაც მას ქართული თანამედროვე კულტურის განვითარებაში აქვს შეტანილი. ამასთან, 2019 წელი დავით კაკაბაძის საიუბილეო წელია.
"არტისტერიუმზე" უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად რამდენიმე ქუთაისელი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა. ლია უკლება 4 ნახატით არის წარმოდგენილი, ქრისტინე რობაქიძე - ინსტალაციით, მინდია ჩარქსელიანი - "რიონისაპირა სახლების" ფოტოებით.
ქრისტინე რობაქიძის თქმით, მის მიერ წარმოდგენილ ინსტალაციას ქვია -"დაკარგული ღმერთის ძიებაში" - ეს არის ერთი შეხედვით სტანდარტული გზის მაჩვენებელი, ოღონდ ყველა მიმართულებას აწერია - ღმერთი.
ლია უკლება კი, რომლის ნამუშევრები ფიროსმანის ნახატის გვერდით გამოიფინა, განსაკუთრებით ბედნიერი იყო. "დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებით ბედნიერი დღეა, რადგან ჩემი ნამუშევრები გამოიფინა ფიროსმანის გვერდით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში", -განაცხადა ლია უკლებამ.
"არტისტერიუმის" პირველი დღე მხიარული პერფორმანსით დასრულდა, გალერეაში გამოფენა 30 ივნისამდე გასტანს, ამ პერიოდში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება.
15 ივნისს "მონ პლეზირზე" ნიკო ცეცხლაძის 3D ინსტალაცია მოეწყობა. ამავე დღეს გალერეაში გაიმართება საჯარო ლექციები, 16 ივნისს კი სტუმრები მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს ეწვევიან.
არტიუსტერიუმი გალერეის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ გახსნა
საგამოფენო დარბაზში ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები გამოიფინა
ქრისტინე რობაქიძის ინსტალაცია გალერეის ეზოში
მინდია ჩარქსელიანის ფოტოები
ლია უკლებას ნამუშევარი ფიროსმანის ნახატის გვერდით
"წყლის აფეთქება"-ბრიტანელმა ავტორმა პიტერ ნესმიტმა მაიაკოვსკის მიუძღვნა
მორწმუნეები - ფრანგი არტისტის ალექს პერეს ნამუშევრები
გამოფენაზე წარმოდგენილია ვიდეოინსტალაციები
"არტისტერიუმის" პირველი დღე პერფორმანსით დასრულდა
ნიკო ცეცხლაძის 3D ინსტალაცია 15 ივნისს გაიმართება
ავტორი: ირინა მაკარიძე