"ქუთაისში საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს საარჩევნოდ ხმების მობილიზება დაევალათ"
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამსონ გუგავა საარჩევნო გარემოს აფასებს.
მისი თქმით, მერის დავალებით, ქუთაისის ყველა საჯარო დაწესებულებაში ჩატარდა სპეცთათბირი, სადაც სამსახურებში დასაქმებულებს ამომრჩევლების მიბილიზების დავალება მიეცათ.
მისი თქმით, თითოეულ თანამშრომელს დაევალა 10 ხმის მოპოვება, რისთვისაც მათ ბლანკი დაურიგეს, სადაც მხარდამჭერების სახელი, გვარი და ტელეფონი უნდა იყოს მითითებული.
"ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რასაც ასე ღიად აკეთებენ, აქამდე ასე საჯარო არ ყოფილა, რადგან როგორც ჩანს, არ უჭირდათ, ეტყობა, მათი კვლევებით, მათი კანდიდატი ვერ იგებს და თანამშრომლებს დაავალეს რანგირების მიხედვით ხმების მოპოვება. მათ აშინებენ სამსახურიდან გაშვებით, თითქოს არ იმსახურებენ მუშაობას და ეს თანამდებობები ნაბოძები აქვთ იმპერატორ ბიძინა ივანიშვილისგან", - განაცხადა სამსონ გუგავამ.
მისი თქმით, მომხდარის შესახებ პროკურატურას აცნობებენ და მოითხოვენ დროულ გამოძიებას. ასევე მიმართავს საჯარო მოხელეებს არ დაუჯერონ მერიის მოთხოვნას და არ მიიღონ მონაწილეობა დანაშაულში, რათა დანაშაულებრივი ჯგუფი წავიდეს მმართველობიდან.
მერიაში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მერიის დისკრედიტაციის მცდელობა.
"ქუთაისის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და არაა უფლებამოსილი რაიმე სახით ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესებში და გამოიყენოს რაიმე სახის რესურსი. ყველა თანამშრომელი ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ერთ-ერთი პარტიის მხრიდან მორიგი მცდელობაა დაუსაბუთებლად დაადანაშაულოს მერია არარსებულ ფაქტში", -აცხადებენ მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი