საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება
"ფლორა ვესტლენდისა" და "ბერი ანდრიას ფონდის" ინიციატივით ქუთაისში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე "ბერი ანდრიას ფონდის" ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთები და "ფლორა ვესტლენდის" მიერ წარმოდგენილი ყვავილები და სოჭის ნაძვები იყო წარმოდგენილი.
"ფლორა ვესტლენდის" წარმომადგენლის, ირაკლი ავალიანის განცხადებით, გამოფენა-გაყიდვას სამი მიზანი ჰქონდა.
„ქართულ-ჰოლანდიური კომპანია "ფლორა ვესტლენდის" ინიციატივით საქველმოქმედო აქცია "ბერი ანდრიას ფონდთან" ერთად მოვაწყვეთ. აქციას სამი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, მეორე არის ის, რომ ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ვეწევით. მესამე მიზანი ეკოლოგიის დაცვაა, არ მოვჭრათ ხე და მოვუფრთხილდეთ გარემოს და გავახაროთ სოჭის ნაძვი“, -აღნიშნა ავალიანმა.
"ბერი ანდრიას ფონდის" ხელმძღვანელის მარინე გიორგობიანის თქმით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შევუერთდით გამოფენა-გაყიდვას, წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ბავშვების ხელით შექმნილი აქსესუარები და ნამუშევრები. ასევე წარმოდგენილია გოგონას ნამუშევრები, რომელიც განიკურნა და ამჟამად კონტროლს გადის“, - განაცხადა გიორგობიანმა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში მოეწყო. გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულიად მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას.
ავტორი: ხატია ბანძელაძე