ქუთაისში "შეცვალე" ქალაქის მერის და მხარის რწმუნებულის გადაყენებას ითხოვს
სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალე" აქტივისტებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს და ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი გააპროტესტეს.
მათი თქმით, მაშინ, როდესაც მათ მხარდამჭერებს არჩადენილი დანაშაული გამო ასამართლებენ, "ქართული ოცნების" წევრებს დანაშაულის გამო გამოკითხვაზეც არ იბარებენ.
მათ მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს და მერიის წინ "უნიათო ხელისუფლების" დაწერას ცდილობდნენ, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოყვა. ისინი მერის და გუბერნატორის გადადგომას მოითხოვენ.
"შევიკრიბეთ, რათა უნიათო მთავრობას შევახსენოთ, რომ ყველას ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვიჭერენ. ცდილობენ, ჩვენი მუხტი ჩააგდონ, მაგრამ არ გამოუვათ. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, მათმა მხარდამჭერებმა კვერცხები დაუშინეს კულტურულ ძეგლებს, მაგრამ არავინ დასჯილა. ქვეყნის სიყვარული ისჯება, სამაგიეროდ, ქვეყნის სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ. ბოლო მოუღეს ქალაქს და უნდა გადადგეს ორი "მელოტი კუ" მერი გიორგი ჭიღვარია და გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. ჩვენ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი შესაძლებლიბა არ მიეცათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი