|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სკოლის მოსწავლეზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში შემწეობის მთხოვნელი  მამაკაცის დახმარების მცდელობის გამო სკოლის მოსწავლეზე მუქარა განხორციელდა. გიორგი აბესაძის განცხადებით, მან სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, სადაც ჩანს, როგორ ადანაშაულებენ ჭავჭავაძის გამზირზე მაღაზიებში მომუშავეები მოწყალების სათხოვნელად გამოყვანილი მოხუცის ახლობლებს, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის და ძალადობის გამო.

გიორგის აბესაძის თქმით, ფაქტის გამჟღავნების გამო, მას მისი და ახლობლების სიცოცხლის ხელყოფით და სახლის დაწვით ემუქრებოდნენ. ახალგაზრდა მუქარის შემცველ წერილებს რამდენიმე დღის განმავლობაში იღებდა.

„როდესაც გავრცელდა ინფორმაცია დავინტერესდი და მოვიკითხე. აღმოჩნდა, რომ მოხუცი ყოველდღე საბარგულით დაყავდათ, შემდეგ მომაწოდეს ვიდეო, სადაც ჩანს პატრული, რომელიც რეაგირებას არ ახდენს ამ ფაქტზე. ეს ვიდეო ავტვირთე სოციალურ ქსელში. ოჯახს არ მოეწონა და დაიწყეს მუქარის შემცველი წერილების გამოგზავნა, რის გამოც მივმართე სამართალდამცავ უწყებას. როგორც ჩანს, გამომძიებლები მივიდნენ ოჯახში, რის შემდეგაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი დამიკავშირდა და შეტყობინებების გამო ბოდიში მოიხადა“,-განაცხადა გიორგი აბესაძემ. მისი თქმით, მომხდარის გამო ასევე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუქარის ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით  დაიწყო. რაც შეეხება მოხუცის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიებას თავად მოხუცის წინააღმდეგობის გამო არ დაწყებულა. უწყების ინფორმაციით, მოხუცის ახლობლებმა მათ განუცხადეს, რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოხუცი თავად გადის მოწყალების სათხოვნელად.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მოხუცი, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს, მოწყალებას ითხოვს, დღის ბოლოს კი მას ოჯახის წევრები მანქანით აკითხავენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მოხუცი ყოველდღე შვილიშვილებს სხვადასხვა მარკის ავტომობილით მიყავთ და მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში ტოვებენ.

                                                                                                                                                 

ავტორი: ნიუპრესი