ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იხსნება
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 16 ოქტომბერს გაიხსნება. კომპანია ჰუალინგის ვიცე-პრეზიდენტი, ბაზის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ჯანგ ძუნი აცხადებს, რომ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქართულ წარმოებაში არსებულ სიცარიელეს შეავსებს.
"16 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. ინდუსტრიული ზონის გახსნას დაესწრება ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია და საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობა. მთავარი ჩვენი მიმართულება ამ კუთხით, იქნება ჩინური საექსპორტო და გადამამუშავებელი კომპანიების მოზიდვა. ის შეავსებს იმ დიდ სიცარიელეს, რომელიც საქართველოს წარმოებაშია. დასაქმების, გადასახადების მოკრების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არა მარტო საქართველოს ეკონომიკისთვის, არამედ ჰუალინგის განვითარებისთვისაც", - აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
კითხვაზე, რატომ დაყოვნდა ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ამოქმედება, ჯანგ ძუნი აცხადებს, რომ ბოლო წლებში კომპანიის მთავარი გამოწვევა ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელის პროექტის დროულად დასრულება იყო.
"2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იყო ის გამოწვევა რაც ამდენი წლის განმავლობაში გვქონდა. საკმაოდ დიდი მოცულობის სოფელი, შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დაგვესრულებინა. ჩვენი ყველა ფულადი სახსრები და ადამიანური რესურსი აღნიშნული პროექტის დროულად დასრულებაზე იყო გადართული. ახლა უკვე გადავერთეთ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე", - აცხადებს ჰუალინგის ვიცე-პრეზიდენტი "აიპრესთან" ინტერვიუში, რომელსაც სრულად უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადად 30 წელი განისაზღვრა. თიზ-ი ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩაზე მისთვის გამოყოფილ 359251.00 კვ.მ ტერიტორიაზე. თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე.
წყარო: "აიპრესი"
ავტორი: ნიუპრესი