|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შემთხვევაში შეიძლება მასწავლებელს დისციპლინური სახდელი დაეკისროს

დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შესაძლოა,  დისციპლინური სახდელი დაეკისროს.

"მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეში" გასული წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გამოქვეყნდა.


"მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი" განსაზღვრავს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებსა და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს. კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს კერძო სკოლა განსაზღვრავს.


ბრძანების თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: "მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის" დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამასთან, მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება მას დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.


ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით,  დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე კი შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.

 

ავტორი: ნიუპრესი