რას გულისხმობს ტექნოლოგიური ჰაბი, რომლის განვითარება ქუთაისში დაანონსდა?
მთავრობა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებას აანონსებს და აცხადებს, რომ ამის გაკეთებას უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობაში გეგმავს. ამ მიზნით გუშინ მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ქუთაისისათვის პარლამენტის შემონისათვის ფუნქციის მიცემის მორიგი წინასაარჩევნო დაპირება გასცეს.
მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას.
„წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება და აქ წარმოდგენილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები. მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ზოგადად, IT სფერო არის ძალიან სწრაფად მზარდი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამატებით გვჭირდება ამ სფეროს წახალისება, სტიმულირება“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისზე ზრუნვა იქნება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი, ხოლო უნივერსიტეტის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების კონცეფციასთან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, საგანგებოდ 40 მლნ ლარით გაიზრდება მომავალი წლიდან ქუთაისის ბიუჯეტი. ასევე ჩვენ დავაანონსეთ, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთასორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 20 000 სტუდენტს და უნდა გადააჭარბოს ამ მაჩვენებელს" - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი