|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ მყარდება ლარი და რა კავშირშია ის ზაფხულის დადგომასთან?

ლარი გამყარდა და როგორც ყოველთვის, გაკვირვებას არის მიცემული ხალხი - ვერ გაუგიათ, რატომ ხდება ეს, ისევე, როგორც, გაურკვევლობაა გაუფასურების შემთხვევაშიც - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი,  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს. 

როგორც გოცირიძე განმარტავს, ლარის გამყარების არაერთი მიზეზია, მათ შორის სეზონური. 

„ეროვნული ბანკის და ექსპერტების ახსნა-განმარტებისა არავის სჯერა, რადგან უკვე სასაცილოდ იქცა ყველაფრის “მოლოდინებით” და “თურქული ლირით” ახსნა. თურქულმა ლირამ კიდევ ერთხელ დასცინა ჩვენს “განმმარტებლებს”-ბოლო პერიოდში ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა მისი კურსი, როცა ლარი პირიქით, გამყარდა.

ლარი მყარდება მრავალი მიზეზის გამო. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორიცაა. ტრადიციულად, ზაფხულში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე მოხდება. გააჩნია, სხვა ფაქტორები რა ზომით მოახდენენ მასზე ზემოქმედებას.

მოდით, დავაკვირდეთ ლარის კურსზე მოკლევადიან პერიოდში ზემოქმედების ორ ფაქტორს, რომელზეც იშვიათად ან თითქმის არ საუბრობენ- სეზონურობას და არჩევნებს. ერთისა და მეორე ფაქტორის მოქმედების მექანიზმები დღეისათვის უკვე ჩართულია. წელს არჩევნებია.

სიღრმისრულ ანალიზს თავი რომ დავანებოთ, მივმართოთ ყველაზე პრიმიტიულ, შემთხვევითი დაკვირვების მეთოდს. როგორც ამინდს აკვირდებიან ხოლმე წლის ამა თუ იმ დღეს, მსგავსად ამისა დავაკვირდეთ ლარსაც. ჩვენდა გასაკვირად, დავინახავთ, რომ ასეთი სახის დაკვირვების შედეგიც კი მრავლისმეტყველი იქნება.

ლარი გუშინაც გამყარდა. გუშინ 2 ივნისი იყო. მოდით, ანალიზისთვის ავიღოთ ეს დღე, 2 ივნისი და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და შევადაროთ ასევე იმას, თუ რა ხდებოდა, ვთქვათ, იმავე წლის 2 დეკემბერს. დეკემბრის თვე იმიტომ ავიღეთ, რომ არჩევნების მეორე ტურები შემოდგომის ბოლოს უკვე მორჩენილია და შედეგებიც ცნობილია. ამის ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ ეროვნული ბანკი უკვე არაა მონდომებული ამ დროისათვის კბილებით (ძირითადად, ინტერვენციებით) შეინარჩუნოს ლარის კურსი, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამით პოლიტიკურ სამსახურს უწევდა ხელისუფლებას.

დავიწყოთ წმინდა მექანიკური შედარება. ერთი დოლარი ტოლი იყო:

2021 წ. 2 ივნისი-3,22 ლარი; 2 დეკემბერი? ვნახოთ რამდენი იქნება. პროგნოზი: არჩევნების წელია, მის დამთავრებამდე არსად გაიქცევა. მერე, როგორც ყოველთვის.

2020 წ. 2 ივნისი-3,11ლარი; 2 დეკემბერი-3,32 ლ.( არჩევნების წელი).

2019 წ. 2 ივნისი-2,78ლარი; 2 დეკემბერი-2,97ლ.

2018 წ. 2 ივნისი-2,47ლარი; 2 დეკემბერი-2,67 ლ.

2017 წ. 2 ივნისი-2,41ლარი; 2 დეკემბერი 2,71 ლ. (არჩევნების წელი).

2016 წ. 2 ივნისი-2,14ლარი; 2 დეკემბერი-2,58 ლ.( არჩევნების წელი.)

როგორც ვხედავთ, კანონზომიერება აშკარაა. ზაფხულის დასაწყისში ლარი იწყებს გამყარებას, შემოდგომის ბოლოს იწყებს გაუფასურებას. არჩევნების დამთავრებისთანავე ეროვნული ბანკი უშვებს ხელს და აძლევს სწრაფი ვარდნის საშუალებას. კურსთა შორის სხვაობა შესადარის საწყის და საბოლოო თვეებს შორის არის 20-30-40 თეთრი. მის სიდიდეს საარჩევნო წელიც განსაზღვრავს"- აცხადებს გოცირიძე.    

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი ხშირ შემთხვევაში არაადექვატურად იქცევა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.  მისივე თქმით, ახლა ეროვნულმა ბანკმა დოლარის  შესყიდვა არ უნდა მოახდინოს.  

"კიდევ ერთი ტენდენციის შესახებ, რაც ამ, საანალიზო პერიოდში იკვეთება და რისი გადამოწმებაც ადვილია. როდესაც ლარი სეზონურ გამყარებას იწყებს, ეროვნული ბანკი ვარდება ილუზიებში და იწყებს დოლარების შესყიდვას რეზერვების შესავსებად. როგორც კი ამას დააპირებს, აპანიკებს ბაზარს და ჩაირთვება გაუფასურების მექანიზმი. ამის მერე ეროვნულ ბანკს უწევს დიდძალი რეზერვების გაყიდვა, რათა ლარის გაუფასურება შეანელოს. ამას კარსმომდგარი არჩევნების გამოც სჩადის. ეს არის სასჯელი სულსწრაფობისათვის. აქედან დასკვნა: არ გაბედოს ახლა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები დოლარის შესასყიდად. იმდენად მყიფეა მდგომარეობა, რომ ასეთ შემთხვევაში ასპროცენტიანი სიზუსტით ჩაირთვება ის მექანიზმი, რაც ზემოთ აღვწერე. რამდენსაც იყიდის უცხოურ ვალუტას, ათი იმდენის გაყიდვა მოუწევს მერე.

და ბოლოს-სეზონური ფაქტორი არ ნიშნავს მხოლოდ თბილ თუ ცივ ამინდს. სეზონურობა ბიუჯეტის ხარჯვასაც ახასიათებდა-წლის პირველ ნახევარში ვერ ხდებოდა თანხების დროული ათვისება და წლის ბოლოსკენ გაორმაგებული ოდენობით ხდებოდა მხარჯველი ერთეულებისათვის ფულის მიწოდება.

ერთი რამ ფაქტია: ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ არასდროს ყოფილა მცდელობაც კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აეხსნათ საზოგადოებისათვის, თუ რა მოსდის ლარს. ესეც ლარის გაუფასურების მრავალ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ფაქტორია",  - წერს გოცირიძე  „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა