საჯარო სკოლის ღონისძიებაზე მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები მიიწვიეს (VIDEO, AUDIO)
ქუთაისის #2 მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენელთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კობა ნარჩემაშვილი და გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ. როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი „ქართული ოცნების“ კანდიდატები სკოლის ადმინისტრაციამ მიიწვია ღონისძიებაზე.
მაჟორიტარობის კანდიდატები სკოლის მიერ რომ იყვნენ მიწვეულნი, თავდაპირველად დაადასტურა სკოლის დირექტორმა მურად ჭიშკარიანმა, თუმცა მოგვიანებით თავისი განცხადება შეცვალა და განაცხადა, რომ არავინ მიუწვევიათ და მხოლოდ განცხადება გაავრცელეს სკოლის facebook გვერდზე.
„ჩვენ ელექტრონული ფოსტით მოვიწვიეთ მშობლები, კურსდამთავრებულები და ყველა ის ადამიანი, ვინც დაკავშირებული იყო სკოლასთან. მე არ ვიცი ნარჩემაშვილი და მარგველაშვილი და მათი მაჟორიტარობა, ესენი იყვნენ კურსდამთავრებულები, ამიტომ იყვნენ ჩვენთან. არა, ჩვენ არავინ მოგვიწვევია, განცხადება გავაკეთეთ სკოლის facebook გვერდზე და დავწერეთ, რომ ვისაც სურდა, შეეძლო მოსულიყო. გული დამწყდა, რამდენ ხალხსაც ველოდებოდი, იმდენი არ მოვიდა“,-განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ უხერხულობა არ შექმნია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სტუმრობით, რადგან მათ საარჩევნო აგიტაცია არ უწარმოებიათ და არჩვნებთან დაკავშირებით არცერთი განცხადება არ გაკეთებულა.
ღონისძიების ამსახველი ფოტოები სკოლის facebook გვერდზე დღის ბოლოსთვის გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, რომ ნარჩემაშვილი და მარგველაშვილი „შემთხვევით“ მისულ სტუმართა შორის არ არიან და როგორც საპატიო სტუმრებს, სიმბოლური სიგელებიც გადაეცათ.
დირექტორის განცხადების საპასუხო განცხადებას ავრცელებს გენადი მარგველაშვილი, რომლის თქმითაც, გუშინდელ ღონისძიებაზე სკოლამ მიიწვია, თუმცა ადასტურებს, სტუმართა შორის როგორც ამ სკოლის წარმატებული მოსწავლე, ისე მიიწვიეს და მისი სტუმრობა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას არ უკავშირდება.
თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა იმ სიმბოლურ დამთხვევებს, რომელიც 41 უკავშირდება.
„ამ სკოლაში 41 წლის წინ ვსწავლობდი და #41 სკოლის დირექტორი ვარ“-განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს, მისი განცხადებით, მან ინფორმაცია სოციალური ქსელით შეიტყო.
„თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში გავცელებულ ინფორმაციებს, რადგან ქუთაისში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის საინტერესოა, ასე სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე სკოლის ამბავიც. მეორე სკოლა ჩემი მშობლიური სკოლაა და ამიტომაც ვიყავი პრეზენტაციაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რაიმე სააგიტაციო განცხადებები გაკეთდა ჩემის მხრიდან. მივედი როგორც კურსდამთავრებული ამ სკოლის და არა როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ იქ, სდაც მეორე სკოლა მდებარეობს, ჩემი სამაჟორიტარო ოლქი არ არის“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
სკოლის ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის მესამე კანდიდატი დიმიტრი მხეიძე. ოღონდ ის, როგორც მშობელი ისე მოხვდა სტუმართა შორის. მისი განცხადებით, მას მეორე სკოლა არ დაუმთავრებია, თუმცა მისი შვილები სწავლობენ ამ სკოლაში. ასევე მისივე განცხადებით, მთელი ცხოვრება ჰქონდა შეხება ამ სკოლასთან და რომ მისთვის მშობლიური სკოლაა. თუმცა დიმიტრი მხეიძემ დატვირთული რეჟიმის გამო სკოლაში მისვლა ვერ მოახერხა.
რადგან არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე ცნობილი არიან საზოგადოებისთვის, მათ გამოჩენას მსგავს ღონისძიებაზე სავარაუდო დარღვევად თვლის „საიას“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. გიორგი სანტურიანის განცხადებით, რადგან ეს კანდიდატები მიწვეულნი იყვნენ, როგორც ყოფილი მოსწავლეები, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დარღვევა იყო, თუმცა ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს და სავარაუდო დარღვევა იკვეთება.
„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე არჩევნებში მონაწილეთა გამოჩენა და წინასაარჩევნო აგიტაცია იკრძალება. რადაგანც ისენი არიან კანდიდატები და ბუნებრივია, ეს ფაქტი მინიმუმ დისკომფორს ქმნის. მცირე დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ვინაიდან ცნობადები არიან საზოგადოებისთვის, კარგი იქნება თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოერიდებიან მსგავსი ტიპის შეხვედრებს. მაშინ, როდესაც აუდიტორიას წარმოადგენენ მასწავლებლები და მშობლები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ყოფნა გარკვეული თვალსაზრისით აგიტაცია არის, კარგი იქნება თუ მათ მიერვე გაკონტოლდება“-განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის ქუთაისის თვითმმართველობაც. მერიაში განმარტავენ, რომ ნარჩემაშვილი და მარგველაშვილი სკოლის სტუმრები იყვენ და ისინი სკოლის საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.
სკოლის ღონისძიებაზე სხვადასხვა სტატუსით მიწვეული იყო სამივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება სკოლის ადმინისტრაცია არ დაინტერესებულა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის 34 კანდიდატიდან, რომელიმეს თუ ჰქონდა შეხება სკოლასთან, როგორც ყოფილი მოსწავლის, ან მშობლის სახით, რადგან სხვა კანდიდატები სტუმართა შორის არ ყოფილან.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი