|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საშინელი ამბავი დატრიალდა შაბათს, 29 აპრილს ქუთაისში"

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

რბევა ქუთაისში - როგორ გამოიწვიეს ხელოვნურად სახალხო მღელვარება ქალაქში, რის შედეგადაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუხდა ერთ-ერთ პარტიას, მეორე კი კონკურენტის გარეშე დარჩა - 100 წლის წინ ქუთაისში განვითარებული მოვლენების შესახებ მაშინდელი პრესა იტყობინება.

 საშინელი ამბავი დატრიალდა შაბათს, 29 აპრილს ქუთაისში - იუწყება გაზეთი "ჩვენი მეგობარი" - სოციალ -ფედერალისტების ყოველდღიური გამოცემა.  ეს იყო  რევოლუციის დროს ქუთაისში მომხდარი პირველი არეულობა. გაზეთის ინფორმაციით, ჯარისკაცები, რომლებსაც ომში წასვლა აღარ უნდოდათ, სოციალ-ფედერალისტების ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის.

"ჯარისკაცები ეტაკენ დარაბებს, დაამტვრიეს იგი, შეცვივდნენ შიგ და ყოველივე დალეწეს და დააფორიაქეს, დაამტვრიეს სტოლები და სკამები, დახიეს შოთა რუსთაველის, კერენსკის სურათი დ შემდეგ ურას ძახილით კლასიკური გიმნაზიისაკენ გაემართნენ. იქაც შეცვინდენ... ამ საშინელმა რბევამ თავზარი დასცა მთელ ქალაქს, დაიკეტა მაღაზიები და კაფეები. ხოლო შეშინებული ხალხი ქუჩაში გარბოდა, სულ ცოტა ხანში ქალაქი უდაბნოს დაემსგავსა..."

 

არეულობის მიზეზი გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა.  გაზეთის ინფორმაციით, ქუჩაში გამოსული ადამიანები საშინელ ჭორებსა და ცილისწამებას ყვებოდნენ. "დასახასიათებლად ერთი მათგანის ნალაპარაკევი მოგვყავს: ჩვენ უნდა აქედან გაგვისტუმრონ  იქ პოზიციაზე, ჩვენი თავი მტერს ამოაწყვეტინონ და მერმე აქ ეგენი თავისუფლათ დაეპატრონებიან ჩვენს ოჯახებს და ცოლ-შვილს, კისერში დაგვაჯდებიან და ბატონყმობას შემოიღებენო.

მეორე ჯგუფში ერთი დანარჩენებს აღელვებდა: მაგათ განზრახული აქვთ, ჩვენ რომ პოზიციაზე წავალთ, ხიდები ააფეთქონ და სულ ერთიანად ამოგვწყვიტონ. სხვაგან კიდევ მხრჩოლავ გაზებზე ლაპარაკობდენ. ყველას საერთოთ პირზე ეკერა:  რათ ეგენი საომრად არ მიდიან. ჩვენ მაგათი ქონება უნდა დავიცვათ და ეგენი სამაგიეროთ კისერზე დაგვაჯდებიანო. არა ჩვენ აქედან არ წავალთ, სანამ ფედერალისტებს ბოლოს არ მოვუღებთო. ფუჭი იყო ჩვენი ცდა გაგვეფანტა ეს ჭორები გაგვებათილებია. ჩვენ ასე გვითხრეს, ვისაც ვენდობით და ისინი ჩვენ არ მოგვატყუებდნენო", -წერს გაზეთი არეულობის მიზეზების შესახებ.  

ამ  რბევას კი შედეგად მეორე დღეს დაგეგმილი არჩევნების ჩაშლა მოყვა.  

"ამ პირობებში მოქალაქეთა მიერ თავისუფლათ სურვილის გამოხატვაზე ლაპრაკი მეტი იქნებოდა და სოციალ ფედერალისტთა პარტიამ მოუწოდა თანამგრძნობთ არჩევნებძში მონაწილეობა არ მიეღოთ. რადგან სოციალ-დემოკრატებს არჩევნებში მოწინააღმდეგე აღარავინ ყავდა, მანაც დაადგინა, რომ არჩევნები სხვა დროისათვის მოხდეს", -წერს  გაზეთი.

შეგახსენებთ,  ამ დროს რუსეთში უკვე მომხდარი იყო ბურჟუაზიული რევოლუცია და  ქვეყანას დროებით მთავრობა მართავდა. საქართველოში კი აქტიურად მიმდინარეობდა თვითგამორკვევის პროცესი, ხდებოდა ყველა დონის - ქალაქის, სოფლის, უბნის თუ სამაზრო კომიტეტების არჩევა.

მსგავსი:

 "სოფლად აპატიმრებენ სასულიერო პირებს, ხშირად სრულიად უსაფუძვლო დაბეზღებით"

"ვიპოვე სამასი მანეთი, დამკარგველმა მომაკითხოს მუშათა საბჭოში"

"გატეხეს ეკლესია, ჯიბგირების თავგასულობას საზღვარი არ აქვს"

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა