"რევანში არ იქნება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა თავისკენ მოიკითხონ"
რევანში არ იქნება - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.
"ყველა, ვინც იცნობს ჩვენს პარტიებს, მასში გაერთიანებულ პიროვნებებს, მაგალითად, ვინც იცის რა არის რესპუბლიკური პარტია, ვინ ბრძანდება ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, ვინ არის მურმან დუმბაძე, ქალბატონი მედიკო ვასაძე, ეს (ერთიანობა) იზრდება თოვლის ზვავივით... ამიტომ რევანში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ახალქალაქი, კასპი, მარნეული, თბილისი თავისკენ მოიკითხონ", -განაცხადა ვაშაძემ.
მან ჟურნალისტებთნ საუბარში პარტიარქთან გამართული შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი. "პატრიარქმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ერთპირონული და ერთპარტიული სისტემის დანგრევა არის ჩვენი ქვეყნის განვითარების უპირობო გზა. ამ გზაზე ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, რაზეც უწმინდესმა გვითხრა, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს რადიკალური და უნდა იყოს დაკავებული რჩევებითა და ხელისუფლების კრიტიკით, ხელისუფლება კი არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციის დევნით", - აღნიშნა ვაშაძემ. მას ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის შესახებ დაუსვეს კითხვა, რის პასუხადაც განაცხადა, რომ მათთვის "საქართველოს ყველა მოქალაქე ღირებულია".
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში მხადამჭერებს შეხვდა.
მან მადლობა გადაუხადა ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და მეორე ტურში აქტიურობისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, პირველი რასაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააკეთებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.
"ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული მთავრობა, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ვადამდელი არჩევნები"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, მაჟორიტარულ სისტემას უარს ეტყვიან.
"საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოკიდებული მართლმსაჯულება, პოლიტიკურ პოლიციას, კუდს, სუს მოვსპობთ, იქ მომუშავე პროფესიონალებს გადავიყვანთ კონტრდაზვერვაში, უნდა აღსდგეს უშიშროების საბჭო... პირველს, რასაც გავაკეთებთ, იქნება ემიგრანტებისთვის ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას, შემდეგ ამას გავავრცელებთ საქართველოში"- აღნიშნა ვაშაძემ.
ავტორი: ირინა მაკარიძე