|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ესმით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქუთაისში მოქმედ კომპანიებს?

იმ ფონზე, როდესაც მედიას ჯერ კიდევ უხდება ისეთი ფაქტების გაშუქება, რომელიც კომპანიების მხრიდან დასაქმებულებისათვის ხელფასების გადაუხდელობას, შრომის ანაზღაურების სიმცირეს და  შრომის უსაფრთოების წესების დარღვევას უკავშირდება, არც თუ ადვილია იპოვო ორგანიზაციები, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობა ბოლომდე გააზრებული აქვთ და იმაზე მეტს აკეთებენ დასაქმებულებისათვის, ვიდრე კანონით ევალებათ.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – corporate social responsibility) არის კონცეფცია, რომლის დროსაც კომპანია ითვალისწინებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით,  კომპანიები  რეგულარული აქტივობებით,  ნებაყოფლობით ზრუნავენ იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილი თავადაც არიან.  საუბარი არაა ერთჯერად აქციაზე, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიაზე, რომელსაც კომპანია მისი საქმიანობის დროს ახორციელებს.

 არიან ორგანიზაციები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა ჯერ კიდევ ჭარბობენ კომპანიები, რომლებიც პერიოდულად, ცელკეულ საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავენ, თუმცა ამას სისტემატური სახე არ აქვს და არც სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ აქვთ მკვეთრი პოზიცია. არიან ისეთებით, რომელთაც ურჩევნიათ თავიან კეთილ საქმეებზე არ ისაუბრონ. უფრო მეტი კი ისეთი ორგანიზაციები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებულებისათვის შრომის ანაზღაურებაა, სხვა საკითხები კი მათ არ ეხებათ.  

მ2 ერთადერთი კომპანია ქუთაისში, რომელიც ქალაქის თვითმმართველობას გვერდით დაუდგა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის თანადაფინანსება საკუთარ თავზე აიღო, ამიტომ, პირველ რიგში, ამ კომპანიის  გამოცდილებით დავინტერესდით.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს დაეხმარონ. გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებიც არაერთ პროექტს ახორციელებენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ვერ ჩაერთვება ყველა იმ სოციალურ პროექტში, რაც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, გამოიყო 5 ძირითადი  მიმართულება, რომელიც ეხმაურება ჩვენს ბიზნეს საქმიანობას, ფასეულობებს და ზოგადად,  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას; ესაა განათლება, ქალთა გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჯანმრთელი ცხოვრება და გარემო.  ამ 5 ძირითადი მიმართულების ფარგლებში კომპანია ახორციელებს პროექტებს. 

კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განიხილავს მათ მიერ ზესტაფონში კოლეჯის "კონსტრუქტორი" გახსნა, სადაც სწავლა უფასოა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მ2-ში დასაქმება.

"ქალთა გაძლიერების მიმართულებით ვატარებთ ტრენინგებს და ვცდილობთ ის კონტრატრორები ვინც გვყავს, იყვნენ ქალები, რათა გავაძლიეროთ ისინი ეკონომიურად. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ავაშენეთ თბილისში საოჯახო ტიპის სახლი, სადაც 7 მძიმე დაავადების მქონე ბავშვი ცხოვრობს და იქ იცხოვრებენ 13 წლის ასაკამდე.. ასევე ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილირაციისათვის  ყოველწლიურად გამოვხატავთ თანადგომას და გვერდით ვუდგავართ ქუთაისის მუნიციპალიტეტს..

ჯანმრთელი ცხოვრების მიმართულებით ვაფინანსებთ რაგბის კლუბ „ლელოს“ და ქუთაისისა და ზუგდიდის საფეხბურთო კლუბებს.  გარემოს დაცვის მიმართულებით მთაწმინდის პარკის განვითარების პროექტი გვაქვს, ასევე ელექტრომობილების დამტენების მიმართულებით, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ელექტრომობილებს, ვამონტაჟებთ დამტენებს საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა კომპანიის პიარის წარმომადგენელმა ნინო რუხაძემ.

 რაც შეეხება თანამშრომლების მიმართ გამოხატულ ზრუნვას, კომპანიაში აცხადებენ, რომ როდესაც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება დგება, კომპანია სწავლის კურსებს აფინანსებს.

ფოტოზე: მ2-ის მშენებარე ობიექტი ქუთაისში

 სამშენებლო კომპანია მ2 ქუთაისში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა, მან  "მწერალთა სახლის" ყოფილი შენობა შეიძინა, სადაც სასტუმრო "რამადას" აშენებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შეინარჩუნა ეზოში არსებული ნარგავები, ასევე დაზიანებისაგან დაცვის მიზნით შეფუთა ლადო ასათიანის ძეგლი, რომელიც "მწერალთა სახლის" ეზოში არის განთავსებული. კომპანიის წარმომადგენელთა დაპირებით, "მწერალთა გაერთიანება" ახლად აშენებულ კომპლექსში გარკვეულ ფართს მიიღებს, პოეტის ძეგლი კი განახლებულ ეზოში ისევ იქნება. 

 ქუთაისში არაერთი სამშენებლო კომპანია საქმიანობს, მაგრამ დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების დაცვის მხრივ, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ მ2-ში განსხვავებული სტანდარტია. სამშენებლო მოედანი შემოღობილია, სართულებზე დამცავი ბადეებია დამაგრებული, მუშები უნიფორმით, ჩაფხუტებით და სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილი. 

განსხვავებული მოდგომა აქვთ  "ჰუალინგ ქუთაისში".   ქუთაისში "ჰუალინგის" წარმომადგენლის ზაზა ნუცუბიძის განცხადებით, ჰუალინგს ქუთაისში სხვა პროექტი, გარდა იმისა, რომ ადამიანები დაასაქმოს, არ აქვს.

„ამ დროისათვის „ჰუალინგს ქუთაისში“ გარდა იმისა, რასაც ინდუსტრიული ზონა და ხალხის დასაქმების მცდელობა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის განვითარება ქვია, ამის გარდა, სხვა დამატებითი პროექტები არ ხორციელდება“, -განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კომპანია ქალაქის საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს" შესაძლო სპონსორად განიხილებოდა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეეფერება, რომ "ჰუალინგი" რაიმე ფორმით დაკავშირებულია ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან" და მის დახმარებას, ან სპონსორიობას გეგმავს.

 „ჰუალინგთან "ტორპედოს" ნუ აკავშირებთ, არანაირი კავშირი "ტორპედოსთან" არ გვაქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ამ თემასთან ნუ დაგვაკავშირებთ,“ - განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ.

ცნობისთვის  „ჰუალინგ ჯგუფი" ქუთაისში  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს, რომელიც 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სადაც სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. აღნიშნულ ზონაში ფუნქციონირებს ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები. 

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბის აღნიშნულ კომპანიასთან კავშირს, "ჰუალინგის" მიერ საფეხბურთო კლუბის შესაძლო სპონსორობის შესახებ ინფორმაცია კლუბის მფლობელის მიერ გავრცელდა.  

ფაქტია, სოციალური პასუხისმგებლობაზე ზრუნვა დიდი კომპანიების უპირატესობა არაა. ხშირად მცირებიუჯეტიანი  კომპანიები უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ.  სოციალური პროექტები ყოველთვის არ არის დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან. 

ქუთაისში არსებული "ქართულ-გერმანული ცენტრი" თავისი მრავალწლოვანი არსებობის მანძილზე სისტემატურად უკეთებს ორგანიზებას საქველმოქმედო აქციებს, ამჯერად ცენტრმა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია  “მეიჯერალ საქართველოსთან” გამართა. მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების 50-მდე  ბავშვს სასკოლო ნივთები გადასცეს,  პატარებს გაუმაპინძლდნენ და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს.

 "მეიჯერელ საქართველოში" აცხადებენ, რომ ეს კომპანიის პირველი CSR აქტივობაა ქუთაისში, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთვის  პრიორიტეტულია განათლების მიმართულებით ახალგაზრდების დახმარება და ამ მიმართულებით აქტივობებს სისტემატურად გააგრძელებენ. 

„მეიჯერალ საქართველოს CSR ძირითადად მიმართულია განათლების და განვითარების კუთხით და ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს, რათა მიიღონ საჭირო მომსახურება. კომპანიის მთავარი მესიჯია „ორიენტირებული მომავალზე“ - Driven to go further და შესაბამისად, ჩვენი მიზანიც და მოქალაქეობრივი პასუხისმებლობა ორიენტირებულია, ხელი შევუწყოთ პატარებს, შეიქმნან უკეთესი მომავალი“, - აცხადებენ კომპანიაში.
პროექტი "მეიჯერალ საქართველომ" და ქართულ-გერმანულმა ცენტრმა ქუთაისის სოციალური სამსახურის აქტიური მხარდაჭერით განახორციელა.

 არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები იჩენენ კეთილ ნებას,  ეხმარებიან სოციალურად დაუცველ ჯგუფებს თუ ადამიანებს, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ საუბარს ერიდებიან. მათ არც CSR-ზე აქვთ ინფორმაცია და მათი აქტივობა ცალკეულ შემთხვევებად რჩება.  

მერიის ყოფილი თანამშრომელმა თამთა თურმანიძემ ამ თემაზე საუბრისას ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (მონ პლეზირთან) მდებარე "საშაურმეს" მეპატრონემ სოციალურად დაუცველი ადამიანების საკონტაქტო მონაცემები თხოვა, შემდეგ ამ ადამიანებს საკუთარ კვების ობიექტში გაუმასპინძლდა, თუმცა, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რომ მეწარმეს თავისი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია არსად, მათ შორის არც სოციალურ ქსელში გაუვრცელებია. 

გვქონდა ასეთი შემთხვევაც: ჩვენმა რედაქციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 6 წლის მოჭადრაკე ბიჭის შესახებ, რომელსაც ფინანსების უქონლობის გამო ერთ-ერთ ჩემპიონატზე წასვლა არ შეძლო. პირველი რედაქციას თბილისში მდებარე თვალის კლინიკიდან დაუკავშირდნენ. ქალბატონმა ნიჭიერი ქუთაისელი ბიჭის დახმარების სურვილი გამოთქვა.  სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე კი კლინიკის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ ამას პიარისთვის არ აკეთებს,  უბრალოდ, უნდოდა ბიჭს დახმარებოდა და ასეც მოიქცა.

ქუთაისის "მადლიერების სახლშიც" უჭირთ იმ კომპანიებზე საუბარი, რომელმაც ორგანიზაციის მიმართ ქველმოქმედება გამოიჩინეს. მადლიერების სახლის ხელმძღვანელის, თამთა ბაკურაძის განცხადებით, კომპანიები, თუ ცალკეული პირები, რომლებიც ქველმოქმედებას იჩენებ, ამჯობინენენ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერდეს.

  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და მისი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა, კომპანიების უმეტესობისათვის ხვალინდელი დღეა, თუმცა ამ მომავლის დაჩქარება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი კომპანიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებით, რადგანაც მომხმარებელი წყვეტს, რომელი კომპანია გააგრძელებს ბაზარზე არსებობას და რომელი ვერა. ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კი იმის საწინდარია, რომ კომპანიების პასუხისმგებლიანობა პირდაპირპროპორციულად აისახება მის წარმატებაზე. 

ფოტოზე: "მადლიერების სახლში" პროდუქტების შეგროვება

 მთავარ ფოტოზე:  “მეიჯერალ საქართველოს" აქცია

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე