"რომს ხომ არ აშენებენ, რომ ყველა გზა აქ მოდიოდეს?"-გოგი წულაია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარედ გზის გაყვანის მიზნით ხეების ჩეხვას აპროტესტებს.
მისი თქმით, უნივერსიტეტთან მისასვლელი რამდენიმე გზა უკვე არსებობს, მაგრამ ტყის ხარჯზე ახალი გზების გაყვანა გრძელდება.
"თემურ ლენგის შთამომავლებმა ტყის შველის ნაცვლად, მიადგნენ და ახალ გზას ჭრიან. სამი უკვე არსებობს, რიონის მხრიდან კეთდება გზა. ბოლო-ბოლო რომს აშენებენ, ყველა გზა რომ აქ მოდიოდეს? ეს არის ვანდალიზმი, ბარბაროსობა. ეს არის მტრობასაქართველოსი და განსაკუთრებით ქუთაისის"-განაცხადა გოგი წულაიამ.
როგორც ის აცხადებს, არ გამორიცხავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობაც კი დაიწყოს.
"ნიუპრესი "ქართუ ჯგუფს" დაუკაცვშირდა, როგორც განაცხადეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა მუხრანის ტყის ნაწილში მიმდინარეობს. პირველი სტუდენტები სასწავლებელმა 2020 წლის სექტემბერში უნდა მიიღოს.
ავტორი: ირინა მაკარიძე