|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთმა მოხსნა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს მიმართ

საბერძნეთმა მოხსნა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს მიმართ აპოსტილის კონვენციის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით.

  ბერძნული მხარის  გადაწყვეტილება საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის უაღრესად მნიშვნელოვან არაერთ სიახლეს გულისხმობს:

1. საბერძნეთში ლეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს ათასობით მოქალაქე შეძლებს საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების წარდგენას საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში. როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გასაგებ მიზეზთა გამო, საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში ექმნებოდათ სირთულეები დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის საჭირო პროცედურების გავლისას, ვინაიდან, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში ვერ ახერხებდნენ პირადად გამოცხადებას და შესაბამისი პროცედურების გავლას, კერძოდ, მინდობილობის დამოწმებას.

2. თითოეული დოკუმენტის დამოწმების საფასური შემცირდება 50 ევროთი, ვინაიდან, აღარ იქნება საჭირო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა საქართველოში საბერძნეთის საკონსულოში.

3. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი ინსტანციის გავლა, კერძოდ, დოკუმენტების შინაარსის მიხედვით, იუსტიციის სახლისა და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ან განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მათი წარდგენა.

ამჟამად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს, რათა ქართული დოკუმენტების დამოწმების ახალი წესი, უმოკლეს ვადებში და გამართულად ამოქმედდეს.

 

წყარო

ავტორი: