საბერძნეთში მოკლული ქუთაისელი ქალი წლების განმავლობაში ოჯახურ ძალადობას განიცდიდა
საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე, 32 წლის შალვა ქათამაძე უკვე დააკვა.
ქეთი სუთიძე სამართალდაცველებმა ათენის გარეუბანში, სახლში გარდაცვლილი 15 მაისს იპოვეს. მას ყელზე ნაჭდევები აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ქამრით არის გაგუდული, ნივთმტკიცება საწოლის ქვეშ იპოვეს.
სამართალდამცვეებმა გაუჩინარებული გოგონას ძებნა ახლობლების განცხადების საფუძველზე დაიწყეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა.
გარდაცვლილი გოგონას ახლობლებს მეუღლის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებათ. სოციალურ ქსელში სუთიძის ოჯახის ახლობელი წერს, რომ შალვა ქათამაძე მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. ქეთი სუთიძე კი ძალადობის ფაქტებს ოჯახს უმალავდა.
"ამ ეტაპზე ცნობილია დამნაშავედ, თუმცა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ადრე არ ჰყვებოდა, არავინ იცოდა, რა ხდებოდა ოჯახში და ვერავინ ატყობდა. ამ ბოლო დროს გვიყვებოდა, ქორწილის წინა დღეს, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაშინაც მაგრად უცემია. მის ტყუპის ცალს არაფერს უმხელდა, სანამ გაუსაძლისი მდგომარეობა არ შეექმნა. უკან ვერ გაბრუნდა ბავშვების გარეშე. სიკვდილი მირჩევნია მათ დატოვებასო და ფაქტი სახეზეა. ერთი წლის დაშორებულები იყვნენ ოფიციალურად, მაინც ცემაში ჰყავდა. უვარდებოდა სახლში, ქუჩაშიც ხვდებოდა და შეშინებული სახით გამოდიოდა, ადასტურებენ ბერძნებიც" -აცხადებს გარდაცვილის ახლობელი.
მისი თქმით, ბავშვები მამის თანხმობის გარეშე საქართველოში ვერ მოჰყავდა, ამიტომ წამოსვლას ვერც ქეთი ახერხებდა. ამჟამად ოჯახი აპირებს, ადვოკატი აიყვანოს და მეურვეობა მათ მიიღონ.
როგორც ცნობილია, დაკავებული შალვა ქათამაძე ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებს. ქეთი სუთიძეს ბავშვები - 6 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი დარჩა, რომლებიც ამ დროისთვის მამიდასთან ცხოვრობენ.
გარდაცვლილს საქართველოში 21 მაისს გადმოასვენებენ.
ავტორი: ნიუპრესი