საფრანგეთის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა , სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება "მთავარ სამიზნედ". თავდასხმების განხორციელებამდე, მებრძოლებმა თავდასხმის ადგილები შეისწავლეს. ტერაქტები კი 8 ისლამისტმა განახორციელა, რომლებიც ე.წ.შაჰიდის ქამრებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც საფრანგეთს თავდასხმებით დაემუქრა, თუკი ის დაჯგუფების მებრძოლების წინააღმდეგ მიმართულ დაბომბვებს არ შეწყვეტს. ვიდეორგოლი, რომელიც დათარიღებული არ არის, "ისლამური სახელმწიფოს" მედია ცენტრმა, "ალ-ჰაიათმა" გაავრცელა.
ვიდეორგოლში ისლამისტი მებრძოლი მოუწოდებს საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს, თავდასხმები განახორციელონ.
"სანამ დაბომბვებს გააგრძელებთ, მშვიდად ვერ იცხოვრებთ. ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ", - აცხადებს მებრძოლი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი