"საკონსულოს დახმარება მხოლოდ დეპორტით შემოიფარგლება"
ათენში, წინასწარი დაკავების იზოლატორში 40-მე ქართველი ქალის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისათვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამ ფაქტს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს რეაგირებაც მოჰყვა. ელჩი დაკავებულ თანამოქალაქეებს დახმარებას ჰპირდებოდა. ახლახანს დაკავებულმა ქალებმა იზოლატორიდან ღია წერილი გააავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ "საკონსულოს დახმარება მხოლოდ დეპორტით შემოიფარგლება".
"ნიუპრესი" სრულად გთავაზობთ აღნიშნულ წერილს:
" ქალაქ ათენში, ელინიკოს საპყრობილეში ვიმყოფებით, დაახლოებით 40-მდე ქართველი ემიგრანტი მანდილოსანი, რადგან თითოეული მათგანის გულისტკივილი ძალიან მძიმეა, გადავწყვიტეთ საერთო განცხადება გაგვეკეთებინა. გარეთ მომხდარი არეულობის გამო, ჩვენ ვალდებულები ვართ სიმართლე გამოვაქვეყნოთ: ჩვენი უფლებების დაცვის მიზნით მოვითხოვეთ საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება, რადგან მათთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, უშედეგო ზარების გამო გადავწყვიტეთ შიმშილით გამოგვეცხადებინა პროტესტი, ამ შემთხვევის შემდეგ დავუკავშირდით ბატონ ავთოს (გიუნაშვილი), რომ ჩვენი პრობლემა გაეზიარებინა საზოგადოებისათვის და ჩვენი ხმა მიეწვდინა საკონსულოსათვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით...
ბატონ ავთოს დახმარებით მოხდა ჩვენი და საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა და გასაუბრება. მათი დახმარება შემოიფარგლა შემდეგით - 4 ქალბატონს დაპირდნენ პასპორტების გაკეთებას პატიმრების ხარჯებით. მეორე მათი დახმარება მდგომარეობს დეპორტების შემოთავაზებით, ასევე პატიმრების ხარჯით! იმის იმედით, რომ საქართველოს საკონსულო ჩვენ ემიგრანტ უსაბუთოებს დახმარებას გაგვიწევდა... მათი დახმარება მხოლოდ დეპორტით შემოიფარგლება. ასეთ დახმარებას უწევს ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საკონსულო!
-ვთხოვთ საქართველოს ელჩს გულთან მიიტანოს ქართველი ემიგრანტების გულის ტკივილი და ღვთის წინაშე იცხოვროს სუფთა სულისკვეთებით!
ამ განცხადებას ვადასტურებთ ელინიკოს საპყრობილეში მყოფი უსაბუთო მანდილოსნები: ოკუჯავა თინათინი, ბერუჩაშვილი ლელა, ქასაბიშვილი სოფო, მაღლაფერიძე ანა, გეგელაშვული ნათია, მაისურაძე ლიანა, ქოქიევი ეკატერინე, იანტბელიძე იზო, ხვადაგიანი ზაირა, ასათიანი ირინა, კოსტავა მადონა, გოგუაძე ლია, ზაქრაძე მარი, ბაბუხადია ნანა, ხაჭაპურიძე თამილა, ბენდელიანი ნინო, მუშკუდიანი გულნაზი, გოგოლაძე ია, ლომთაძე ფიქრია, გიქორაშვილი თამარი, ახალაძე მზია, ხალხელაური მარიამ, ოგანესიანი მარიეტა, ენდელიძე ხათუნა, სამხარაძე ლიანა, ბაბლუანი თინათინი, შულაია ნათია, ღავთაძე ნათია, ბაღდოშვილი ეკატერინე, ღლონტი ლონდა, ოსიავილი ნანა, აბულაძე ზიტა, ბეჟუაშვილი ნორა, არეფშატიანი ასმიქ.
ათენი. ელინიკო. ოქტომბერი. 2015 წ."
ორიოდე დღის წინ საბერძნეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც მითითებულია საელჩოს საკონტაქტო ნომრები.
ავტორი: ნიუპრესი