|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

"უკანასკნელ პერიოდში, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიმართ გაკეთდა უსაფუძვლო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს, საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ვერ უკავშირდება საქართველოს საკონსულოს.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს სამუშაო საათებში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: +30 2107489180,

ხოლო არასამუშაო საათებში 24 საათიან ცხელ ხაზზე: +30 6995779793.


ა.წ. 19 ოქტომბერს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა ოფიციალურად მიმართა ქ. ათენის პოლიციას, რომ პოლიციის განყოფილებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში განთავსდეს ინფორმაცია საკონსულოს ტელეფონების, მათ შორის ცხელი ხაზის შესახებ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი თანამემამულეების დაკავების, ასევე, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის, ან საქართველოს მოქალაქეთა მიმართ სხვა სახის დარღვევის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ საქართველოს საკონსულოს. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის" ,-  ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელსაც  ხელს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი აწერს. 

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებას ათენში ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე  ეხმიანება.  "კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი, არცთუ სწორი შეფასებითი ინტერპრეტაციით, თუმცა მთავარი მაინც შედეგია.  მადლობა ყველა ჟურნალისტს და გვერდით მდგომ ჩვენს თანამემამულეს, ვინც ამ პროცესებში მართლა უსაფუძვლო ცილისწამება და შეურაცყოფა დაითმინა.
მადლობა ასევე იოსებ ნანობაშვილს რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და გადადგა ეს ნაბიჯი", - წერს გუნაშვილი, რომელიც ათენში ემიგრანტების უფლებების აქტიური დამცველია.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე