|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია"

 2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.

თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება.

საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ხურვალეთიდან მოქალაქის გატაცების ფაქტს ეხმაურება. "აღსანიშნავია, რომ გატაცების ადგილას მაია ოთინაშვილის ოჯახის ახლობლები რეგულარულად შედიან. თუმცა, თავად მაია ოთინაშვილი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად გორში ცხოვრობს, რაც კიდევ უფრო აბსურდულს ხდის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ბრალდებებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია დაკავებულის ზოგადი მდგომარეობის და უსაფრთხოების  შესახებ.

სოფელი ხურვალეთი გამყოფი ხაზის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. მავთულხლართების გავლების შედეგად სოფლის 36 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე სახლი ოკუპირებულ ნაწილზე მოექცა, სარწყავი წყალი 2008 წლიდან გადაკეტილი აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას, ადამიანების გატაცებები და დაკავებები თითქმის ჩვეულ მოვლენად იქცა. ადგილობრივთა განცხადებით, რუსი და ოსი ე.წ. „მესაზღვრეები“ ხშირად გადმოდიან მავთულხლართების გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლო გატაცების შემთხვევა 2018 წლის ივნისში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ხურვალეთიდან უკვე მე-5 დაკავებული ქალია, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კონფლიქტით დაზარალებული ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ, მათი ვარაუდით, დაკავებული ქალი ნაცემია. 

ავტორი: ნიუპრესი