სასამართლომ აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა, - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რეჟიმის დამცველების მისამართით "მონებო" და "რუსებო" სკანდირებდნენ.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე ორ წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი