|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა აბაშიშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა გრიგოლიამ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა განათლების, სოციალური დაცვის, რეაბილიტაციისა და მართლმსაჯულების სფეროში დანერგილ მიდგომათა გაცნობა წარმოადგენს.

სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა აბაშიშვილმა ყაზახ კოლეგებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, მსჯავრდებულთა პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებსა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებაზე.

მამუკა აბაშიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებისა და ამოქმედების შედეგად საქართველოში მაქსიმალურად შემცირდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტები. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მეირამ აიუბაევის განცხადებით, ყაზახური დელეგაციისათვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლებისა და რესოციალიზაციის საკითხებში ქართული გამოცდილების შესწავლა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულებები, ასევე ქალთა N5 დაწესებულება და მის ტერიტორიაზე არსებული დედათა და ბავშვთა სახლი, გაეცნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობის პრინციპებს.

ავტორი: