უხარისხოდ შესრულებული პროექტები და დუბლირებული სამსახურები ხონში
უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დუბლირებულ სამსახურებზე მიკერძოებულ ტენდერებსა და ქონების არაეფექტურად განკვარგვაზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხონის მუნიციპალიტეტში შემოწმების შემდეგ.
აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლებში ჩატარებული სამუშაოები შეისწავლა. შედეგად, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: "ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა რამდენიმე შემთხვევაში გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას
• მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, არასწორად მიანიჭა პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს
• მუნიციპალიტეტმა ერთი და იმავე საქმიანობის განსახორციელებლად დააფუძნა იურიდიული პირები, რომელთა ფუნქციები დუბლირებულია. ასევე მუნიციპალიტეტში არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, ხელოვნურად არის გაზრდილი შტატები, იურიდიული პირების შექმნაში, დაფინანსებასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა
• ქონების მართვასა და განკარგვაში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია მუნიციპალიტეტის ქონების არაეფექტიანად განკარგვა, რითაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს
• სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა, ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შესახებ
• მუნიციპალიტეტმა შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებული სუსტი კონტროლის შედეგად, სრულად ვერ მიიღო დასუფთავების მოსაკრებელი და საიჯარო შემოსავალი. რითაც, ფინანსური ზიანი მიადგა ორგანიზაციის ინტერესებს
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
• მუნიციპალიტეტში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვაში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია
• შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა".
აუდიტის სამსახურმა 11 რეკომენდაცია გასცა, რომლის შესრულება მუნიციპალიტეტს დაევალა.
ავტორი: ნიუპრესი