სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ბორჯომი" და შემდეგ გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე - ხაზარაძე
სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ბორჯომის" აქციები, შემდეგ გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
როგორც მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი და მისი მომავალი.
„ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული "ალფა ჯგუფის" აქციონერობაა.
“ალფა ჯგუფს" კომპანია "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ "იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს. გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:
სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებით, იძულებულია, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეაჩეროს. კომპანიის საკონტროლო 60%-იან პაკეტს 2013 წლიდან რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.
ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც კომპანია $460 მილიონად გაასხვისეს.
ავტორი: ნიუპრესი