საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი.
დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:
სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
ამასთან, საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი.
ავტორი: ნიუპრესი