შინაგან საქმეთა სამინისტრომ 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფმა თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.
მათივე ინფორმაციით, სტაჟიორის ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.
ასევე, სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან.
აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ დასაქმების ფორუმზე გააცნო. ფორუმის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.
სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის კუთხით.
„საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://hr.police.ge. პოზიციაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 სექტემბერი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი