შსს-ს განცხადება თბილისის კლუბებში მომხდარი დაკავებების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას.
უწყების განცხადებით, თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით.
"ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ.
პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.
ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა"-ნათქვამია უწყების განცხადებაში..
ავტორი: ნიუპრესი