|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულიამ ბიუჯეტის თანხებით საკუთარი ბიზნესი მოიწყო"-გოგი წულაია

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისში ძაღლების თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. გოგი წულაიას განცხადებით, ქალაქში ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის 114 405 ლარი დაიხარჯა.

"2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 114 405 ლარი არის ძაღლების გამოკვება და სამედიცინო მომსახურებბაზე გახარჯული, რაც არის ტყუილი, რადგან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ამ სამუშაოებისთის 20 000 ლარი იყო საკმარისი, რადგან ქალაქში პრობლემატური 150 ძაღლია. თანამშრომლებზე გამოყოფილია 151 506 ლარი, ესეც არასრეალური თანხაა, რადგან თანამშრომელთა მცირე რაოდენობა მუშაობს. ეს არის კორუფცია. მურღულიამ ბიუჯეტის თანხებით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. თავშესაფარში არ ხდება ძაღლების გაჩუქება, რადგან ჩემი ინფორმაციით, ამ ძაღლებს ყიდიან, ასევე მოაწყვეს ძაღლების სასტუმრო, სადაც მფლობელები დროებით ძაღლების დატოვებისთვის თანხებს იხდიან",-განაცხადა წულაიამ.

აქციაზე იმყოფებოდნენ "ცხოველთა დაცვის ფედერაციის" წარმომადგენლები. არასამთავრობოები თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. ფედერაციის იურისტის მირანდა ჩოგოვაძის განცხადებით, თავშესაფარში ცხოველებს არასათანადოდ უვლიან, არ ხდება მათი დაბანა სპეციალური ხსნარით, რაც ხელშეკრულებაში უწერიათ. ჩოგოვაძე ასევე აცხადებს, რომ თავშესაფარში გაურკვეველი მიზეზების გამო არ ხდება ძაღლების გაჩუქება.

"არ აჩუქებენ არც ჯიშიან და არც უჯიშო ძაღლებს, ვერ გეტყვით, რა მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ თავშესაფარში მუშაობს ადამიანი თამაზ დეისაძე, რომელიც მტრულად არის განწყობილი ძაღლების მიმართ, ის სასტიკი მეთოდებით კლავდა ცხოველებს, თუ ის მოშორდება ამ თავშესაფარს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა შეიქმნება. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, ცხოველები არ არიან მოვლილი", -განაცხადა მირანდა ჩოგოვაძემ.

ბრალდებას არ ადასტურებენ მერიაში. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში ძაღლების საუკეთესო  თავშესაფარია, სადაც ცხოველებს ევრო სტანდარტების მიხედვით უვლიან. მისივე ინფორმაციით, მურღულიას მისამართით გამოთქმული ბრალდება არასწორია, რადგან ძაღლების სასტუმროს მომსახურებაში შესული თანხები ბიუჯეტში აისახება.

"წლების მოუგვარებელი პრობლემა 2 წელია უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით კითხვების გაჩენა უკვე დიდი აბსურდია",-აცხადებენ მერიაში. 

 ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ ქუთაისში ძაღლების მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებით ხდება. ააიპის პრესსამსახურის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, გოგი წულაია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.

"ბიუჯეტთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური და ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება არასათანადო მოვლა-პატრონობას, ბატონი წულაიას პოზიციები ძალიან გაუგებარია, რადგან ქუთაისში არსებულ თავშესაფარს არ აქვს ანალოგი აღმოსავლეთ ევროპაში, არა მარტო ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ სერვისებით. არასებული დაწესებულებიდან თანამედროვე სტანდარტები შევქმენით. ეს ყველასათვის შესამჩნევია და თუ წულაიას არ უნდა დანახვა, ეს მისი პრობლემაა. აქ არის ყველა სერვისი და სათანადო კვება", -განაცხადა მჟავანაძემ. მისი თქმით, გოგი წულაია უტრირებს, როდესაც ამბობს, რომ ძაღლების გაჩუქება არ ხდება, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია მათ ფეისბუქ გვერზე ვრცელდება.

"ყველას შეუძლია გაეცნოს, რამდენი ძაღლი გაჩუქდა, ეს არ არის დამალული. ასევე წულაია უტრირებს, როდესაც ამბობს, რომ სასტუმრო მოეწყო. ეს არის ჩვეულებრივი მომსახურების სერვისი, რომელსაც ვთავაზობთ მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ეს თანხა აისახება ბიუჯეტში. ასეთი სერვისი მიღებულია ევროპაში და ქუთაისშიც შევქმენით. უმეთვალყურეო ძაღლებს ვემსახურებით უფასოდ, პატრონიან ძაღლებს კი მსგავს მომსახურებას ვუწევთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ",-განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი