|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სისტემური დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

 „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით,  კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.

„ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას, ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს“, -აღნიშნა მომხსენებელმა.

ანრი ოხანაშვილმა გამოხატა იმედი, რომ კანონპროექტს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა.

„მინისტრთა კომიტეტს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, რომ საქართველომ მოახდინა გირგვლიანის საქმეზე ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა ჰპოვა სისტემური დანაშაულის მუხლებმა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი