სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 22 იანვარს ჩატარდება
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.
სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.
განათლების სამინისტრო ლელოს დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ამჟამად 2000-მდე საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი ვაკანტურია.
ავტორი: ნიუპრესი