|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ სულორის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ

ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ სულორის მოსახლეობა პეტიციას ავრცელებს, რომელიც მათ სოფელში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

„არა სულორში ჰესის მშენებლობას“ - ასეთია პეტიციის სახელწოდება, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე დგება სულორის მოსახლეობა, ჰესის აშენების შემთხვევაში.

„სულორი არის უნიკალური სოფელი თავისი ბუნებით, ისტორიული მნიშვნელობითა და სამკურნალო წყაროებით. სოფელი ცნობილია სუფთა ჰაერით, ულამაზესი ხეობებით, მდინარეებითა და ტურისტული პოტენციალით. სწორედ ეს ბუნებრივი რესურსები ქმნის ჩვენი ცხოვრების ხარისხს და სოფლის ეკონომიკურ საქმიანობას — აგროტურიზმს და სოფლის მეურნეობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჰესის მშენებლობა გამოიწვევს:

• ეკოსისტემის დანგრევას და უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაკარგვას;

• წყლის რესურსების შემცირებას, მათ შორის სამკურნალო წყაროების დაშრობას;

• მოსახლეობის საცხოვრებელი და სოფლის ტრადიციული ცხოვრების წესის დარღვევას;

• მეწყერის, წყალდიდობის და სხვა გეოლოგიური საფრთხეების ზრდას;

• ტურისტული პოტენციალის განადგურებას და სოფლის პერსპექტივის დაკარგვას.

გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა არ იყო სათანადოდ ინფორმირებული ჰესის პროექტის დეტალების შესახებ და საჯარო განხილვები, თუკი ჩატარდა, გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მოხდა. ჩვენ მოვითხოვთ: ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს დაუყოვნებლივ შეჩერებას; პროექტის სრული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას; დამოუკიდებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას; სოფლის მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგომომარაგების წყაროების ძიებას. ვუხმობთ საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ეკოლოგიურ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ სულორის სოფლის პრობლემით და გადაარჩინონ ეს უნიკალური ადგილი განადგურებისგან. პატივისცემით, სოფელ სულორის მცხოვრები და საქართველოს მოქალაქეები, ვინც მხარს ვუჭერთ ბუნების დაცვასა და სამართლიანობას”,  - აღნიშნულია პეტიციაში.

ავტორი: