|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ"- გიგი უგულავა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

"მადლობა ყველას, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ისევ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით და ძალიან ბევრი ფულით ახდენს არჩევნებზე მანიპულირებას, მაგრამ პირობას ვაძლევ ბატონ ჭიჭინაძეს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე,"- აცხადებს  გიგი უგულავა შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგების შეჯამებისას. მისი თქმით,  სოფლებში მან გაიმარჯვა, თუმცა ქალაქებში ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე მოიგო:

"ქალაქებში, სადაც ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, ძირითადათ, ქართული ოცნება მათ ხარჯზე მანიპულირებს არჩევნებში უკვე მერამდენე წელია. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ, მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით".

გიგი უგულავა მოსახლეობას არჩევნებში უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს. ასევე აღნიშნავს, რომ მათმა პარტიამ ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა აიღო, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე: "გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც".

პირველადი მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნებისკანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ (57,86%)  გაიმარჯვა გიგი უგულავამ კი ხმების 38.38% მოიპოვა.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა.

ავტორი: ნიუპრესი