"სოლიდარობას ვუცხადებ „მთავარს“ და ყველა თავისუფლებისმოყვარე ჟურნალისტს"- გრიგოლ ვაშაძე
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გამართა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
„მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ მიწევს - ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნით არიან დაკავებულნი. უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. „ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს და ეს გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა. სოლიდარობას ვუცხადებ „მთავარს“ და ყველა თავისუფლებისმოყვარე ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს. მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულის ორგანიზატორები დამკვეთები და შემსრულებლები“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, როგორც გუშინ ცნობილი გახდა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სუსის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რის შედეგადაც თავიდან აიცილეს მძიმე დანაშაული.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი