"სპეციალურმა სერვისებმა" 23 500 ლარის ავეჯი შეიძინა
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" 23 500 ლარის ავეჯი შეიძინა. ნივთები ააიპის ახალი ოფისის მოსაწყობად არის შეძენილი, რომელიც ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. საოფისე ავეჯში შედის გორგოლაჭებიანი სკამები, მაგიდები, კომპიუტერის მაგიდები, დივანი და კარადები. ჯამში, 17 დასახელების 174 ნივთი.
ორგანიზაციამ საოფისე ავეჯთან ერთად კაბელები, მავთულები, ავზები, რეზერვუარები და ოფისის გათბობის რადიატორები შეიძინა, რომლისთვისაც ცალკე ტენდერები გამოაცხადა.
კაბელების, მავთულების და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად ააიპმა 12 421 ლარი გამოყო. კარებზე, ფანჯრებზე და სხვა ნივთებზე - 26 226 ლარი. ავზები, რეზერვუერები და ოფისის გათბობის რადიატორები - 21 746 ლარი დაჯდა.
ტენდერის პირობებით, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით და ტექნიკური საშუალებებით უნდა უზრუნველყოს ავეჯის მოწოდება.
"სპეციალური სერვისების" ფუნქციებში ქალაქში მყოფ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა მოვლაც შედის. მიმდინარე წელს ადგილზე ახალი თავშესაფარი მოეწყო.
ავტორი: ხატია ბანძელაძე