|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმა საქართველოში

საქართველოში თავისუფალი და თანამედროვე კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა შესაძლებელია ანტიმონოპოლიური (კონკურენციული) პოლიტიკის სრულყოფის მეშვეობით.

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სრულყოფის აუცილებლობას თეორიული პრინციპები და ფაქტობრივი, სტატისტიკური და რეიტინგული მონაცემები ადასტურებენ. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2013–2014" შედეგები და საქართველოს მდგომარეობა დასახელებულ რეიტინგში. ანგარიშის მონაცემები ადასტურებენ იმას, რომ საქართველო ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობის მიხედვით 123-მე ადგილზეა, ხოლო, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობის მიხედვით კი – 138-ე ადგილზე.

ანტიმონოპოლიური პოლიტიკა - კონკურენციის პოლიტიკა - ხელს უწყობს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ბაზრების განვითარებას, არამედ, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რადგან თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ფასების რეგულირებას, სიახლეების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, წარმოების პროდუქტიულობის და ეფექტიანობის ამაღლებას. უდაოა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას ზრდის.

ზოგადად, კონკურენციული პოლიტიკა განიხილება, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამიტომ ის რიგი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საქართველო გამონაკლისი არ არის.

უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება არის თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამასთანავე, კონკურენცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განსახორციელებლად.

საქართველოს მთავრობის დოკუმენტი "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2014-2017 წლებისათვის" განსაზღრავს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.  

აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია, ის რომ ეკონომიკური პოლიტიკა 2014-2017 წლებში დაეფუძნება მდგრადი განვითარების მოდელს. აღნიშნულ პერიოდში სისტემური ტრანსფორმაციის  პროცესში  საკვანძო როლი  მიენიჭება  სახელმწიფოს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს განვითარების სტრატეგია უმთავრესი მიზნებისა და შესაბამისი ინდიკატორების დონეზე; განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრება ყველა ის ფუნქცია, რომელთა არსებობა აუცილებელია სტაბილური   განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლებაზე, რომლის მისაღწევად ის მიისწრაფის, როგორც შიდა ბაზრებზე თავისუფალი კონკურენციის დონის ამაღლებისაკენ, ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობის მიღწევისკენ.

ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად მოხდება ეკონომიკის  სტრუქტურული  მოდერნიზება, რომელიც დაემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გონივრულ გამოყენებას. შედეგად ხელი შეეწყობა ექსპორტის სტიმულირებას და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებას, რაც სტრუქტურული მოდერნიზაციის განუყოფელი ნაწილი იქნება. ხოლო, ქვეყნის შიგნით ბაზრების განვითარებისათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას; ხელი შეეწყობა თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელზეც თანაბრად მიუწვდება ხელი ყველა ეკონომიკურ სუბიექტს. საქართველოში კონკურენციული ბაზრების განვითარებისათვის მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ოპტიმალური, დემონოპოლიზებული საბაზრო სისტემის ფორმირება

მაშასადამე, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მთავრობა მიზნად ისახავს კონკურენტული  გარემოს უზრუნველყოფას. დეკლარირებული ეკონომიკური სტრატეგიის შედეგად უკვე განხორციელდა კონკურენციული-ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმირება: შეიქმნა დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტო; სააგენტოს მიენიჭა ბაზრის მონიტორინგის და ანალიზის ფუნქცია, რაც გულისხმობს შესაბამისი და სათანადო კვლევების განხორციელების უფლება-მოსილებას და, რაც მთავარია, სააგენტოს მიერ ვერტიკალური და ჰორიზონტალური გარიგებების კონტროლის არეალის გაზრდას (რაც შეესაბამება კონკურენციის-ანტიმონოპოლიური რეგულირების მოდელს). 

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმირებაზე საქართველოს მთავრობამ მუშაობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მსოფლიო ბანკთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, და, ფართო საზოგადოების ჩართულობის ფონზე, წელიწადნახევრისწინ დაიწყო.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტითავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (და მისი თანმდევი კანონპროექტები), რომელიც 2014 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით და საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა, კენჭი უყარა და მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი, გულისხმობდა არსებული, იმ დროისათვის მოქმედი კანონის, სახელწოდებისეცვლას;"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი "კონკურენციის შესახებ" კანონად გარდაიქმნა. "კონკურენციის შესახებ" კანონი 2014 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა.

სახელწოდებისეცვლასთან ერთად დაზუსტდა კანონის რეგულირების სფერო და ზოგიერთი ტერმინის განმარტება. "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებისათვის უფლებამოსილი ორგანო. კანონის შესაბამისად სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. კანონით გაწერილია სააგენტოს ფუნქციები, მის მიერ საქმის მოკვლევის წესი.

კონკურენციის სააგენტოს მიზანია კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა, ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობის გამოვლენა და აღკვეთა.

სააგენტო დისკრეციული ორგანოა, ის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა - კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი. ამასთანავე, სააგენტო უფლებამოსილია მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი განახორციელოს და შესაბამის ორგანოებთან დასვას კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

ავტორი: ხათუნა ნუცუბიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა