|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკატერინე ტოგონიძე - ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა მიიღოს სამყარო თავისი მდიდარი მრავალფეროვნებით

ერთი კვირის წინ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნა, თუმცა მანამდე UNICEF-ის კვლევა დაიდო, რომლის მიხედვით საქართველოში  50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს,  რაც მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ძალიან აფერხებს. კიდევ უფრო ადრე სხვა კვლევებით 

დადგინდა, რომ საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა ბავშთა სიკვდილიანობის

მხრივ. რაზე მიანიშნებენ ეს ფაქტები? რა შეუძლია სახელმწიფომ და საზოგადოებამ გააკეთოს (გავაკეთოთ) და არ ვაკეთებთ?რატომ გვიჭირს „განსხვავებულების“, მათ შორის „განსხვავებული“ ბავშვების მიღება?

ამ და სხვა საკითხებზე მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გვესაუბრება, რომლის წიგნის Aსინქრონი“პრეზენტაცია ქუთაისში სულ ახლახანს გაიმართა.

- თქვენი წიგნი „Aსინქრონი“ ეხმიანება, ესარჩლება „განსხვავებულებს“, როგორც ვუწოდებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ფაქტია რომ საზოგადოებას უჭირს ამ ადამიანების მიღება, უფრო მეტიც საკუთარ მშობელს უჭირს „განსხვავებული“შვილის მიღება, ზოგჯერ ტოვებენ ასეთ ბავშვებს და ზოგჯერ მალავენ საზოგადოების თვალიდან შორს. რატომ უჭირთ მშობლებს საკუთარი შვილების მიღება ისეთებად როგორებიც არიან? ასეთ ვითარებაში სად ხედავთ პირადად თქვენ გამოსავალს?

- ადამიანს აქვს ბუნებრივი სურვილი და მოთხოვნილება, ჰგავდეს საკუთარი შვილი და იყოს მასზე უკეთესიც. ამის გამო ვერავის გავკიცხავთ, თუმცა ჩვენ შვილებს არ ვირჩევთ და როცა მშობელი ვხდებით, იმის პასუხისმგებლობაც უნდა გვეყოს, რომ მივიღოთ შვილი ზუსტად ისეთი, როგორიც არის. გავუკეთოთ ყველაფერი, რომ იყოს უკეთესი და გაიზარდოს შეძლებისდაგვარად ჯანმრთელი, რაც მთავარია, ჯანსაღი...  

ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც - შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას სურს - ამბობდა იანუშ კორჩაკი, პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც პოლონეთის ოკუპაციის წლებში ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის იბრძოდა და დაიღუპა გაზის კამერაში თავის 200-აღსაზრდელთან ერთად... მისივე სიტყვებით, „შვილი არის ცხოვრებისგან ბოძებული წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით, მოსავლელად მობარებული სულია.“

ზოგადად არ არსებობს მყარად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს ადამიანი და რამდენად განსხვავებულობის უფლება აქვს მას. განსხვავებულს ძირითადად ნებისმიერ საზოგადოებაში ექმნება პრობლემები... აქ დიდ როლს თამაშობს  კულტურა, რელიგია, ტრადიციები, მიდგომები და ა.შ. ძალიან რთულია რაღაც საკითხებისა და ხედვის ხელოვნურად დანერგვა. დემოკრატია ყოველ  ჩვენგანს აკისრებს ვალდებულებას ჩაერთოს ამ პროცესში და იზრუნოს თვითგანვითარებაზე, იგივე საკუთარ მცირეწლოვან შვილს მოექცეს როგორც ცალკე ადამიანს და არა საკუთარ გაგრძელებას და დანამატს, - ეს ვფიქრობ რომ უდაოა. ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ: ჩვენს შვილებს მივცეთ სწორი აღზრდა, კარგი განათლება, ფასეულობათა სისტემა, რომელიც დამყარებულია სიყვარულსა და პატივისცემაზე. ძალიან მჭიდრო კავშირშია ეს ყველაფერი განათლების სისტემასთან,  როდესაც ადამიანი არის განათლებული და განვითარებული ბევრად დიდი შანსია მისი ფასეულობებიც იყოს სწორად ჩამოყალიბებული, იყოს მიმღები და შემწყნარებელი განსხვავებულთა მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლება, რადგან როდესაც ვიცით, სად მთავრდება ჩვენი უფლება და სად იწყება სხვისი, ნაკლებად არის იმის ალბათობა, რომ ამ ზღვარს დავარღვევთ.

საკუთარ შვილთან მიმართებაც რთული თემაა და მეც, სანამ დედა გავხდებოდი, ამასთან დაკავშირებით შედარებით ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. დღესდღეობით ვცდილობ  ჩემი შვილის აზრს პატივი ვცე და ეს ხდება პირველივე დღეებიდან. ბავშვმა  უნდა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა, იგრძნოს თავი ღირსეულ და თავდაჯერებულ ადამიანად  და ეს პატივისცემა  შეაძლებინებს იმას, რომ თავადაც ასე მოექცეს სხვებს.  ვცდილობ თავს არ მოვახვიო ჩემი სურვილები, მაგალითად, ვინ უნდა გამოვიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვუხსნი, როგორაა მოწყობილი სამყარო, რომ არსებობს ღმერთი. ეს არის ჩემი რწმენა და ეს  რწმენა იმდენად  დიდია, რომ მთელი ცხოვრების ფილოსოფიას მოიცავს და, აქედან გამომდინარე, ამას ვასწავლი მასაც. რა იქნება მომავალში  და როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება ის, ამას წინასწარ და დაზუსტებით ვერავინ იტყვის. ვეცდები, მის არჩევანს პატივი ვცე და, იმედი მაქვს, ამ მხრივ დიდ სირთულეებს არ წავაწყდები. როგორც უფროსებს გვიწევს ერთმანეთის უფლებებისა და ინტერესების მუდმივი გათვალისწინება, იგივე უნდა იყოს ბავშვთან მიმართებაშიც. რადგან, თუკი ამ სიტუაციაში ის ჩვენზე პატარაა, ჩვენზე ნაკლები ძალა და ჩვენზე ნაკლები გავლენა აქვს, ეს სულაც არ გვაყენებს უპირატეს მდგომარეობაში. იმავეს თქმა შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, მათი შეზღუდული შესაძლებლობა ჩვენს თანაბარობას არაფრით არღვევს, რაღაც მომენტში პირიქით, მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ გარემო და ცხოვრების ნებისმიერი სივრცე თუ სფერო ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

- ბავშვი შეიძლება ოჯახში ვერ იღებდნენ სწორ ორიენტირებს, მაშინ მას ეს ღირებულებები სახელმწიფომ და სკოლამ უნდა მისცეს. მაგრამ  სულ ახლახანს გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც პედაგოგთა შორის ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ძალიან დიდი პროცენტი აჩვენა.  ასეთ ვითარებაში რა მომავალს ვუმზადებთ ბავშვებს და ზოგადად ქვეყანას?

- ადმიანის უფლებები თუ იქნება დაცული ყველა ეს პრობლემა მოიხსნება. იგივე იმ პედაგოგებს არა აქვთ გააზრებული, რომ ელემენტარულად კანონს არღვევენ. ეს არ არის  არჩევანის საკითხი  - დავიცავთ თუ არა ადამიანის უფლებებს. კანონმორჩილება არის ვალდებულება, რომელიც ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ადამიანობა, ღირსება, ცოდნა და სიყვარული არ გვყოფნის ერთმანეთთან საურთიერთოდ, სამართლებრივმა ნორმებმა მაინც უნდა დაარეგულიროს ჩვენი ქცევა და დამოკიდებულებები.

- მაგრამ კანონი და საზოგადოება ალბათ ძალიან არ უნდა იყოს დაცილებული ერთმანეთიდან. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ კონსტიტუცია ერთს ამბობს, საზოგადოებრივი აზრი კი კარდინალურად განსხვავებულს...

- სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება არის ურთულესი პროცესი და აქ თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ხელოვანებმა, მწერლებმა... ხელოვნებით და შემოქმედებით სხვადასხვა მესიჯის მიწოდება უფრო მისაღებად და ემოციურად შეიძლება საზოგადოებისთვის, ოღონდ ეს ყველაფერი სიყვარულით, აგრესიის გარეშე უნდა ხდებოდეს. ხშირად აგრესია ან არასწორად, უხეშად მოწოდებული აზრი უკუშედეგს იწვევს. დაპირისპირებული ბანაკები დროთა განმავლობაში აგრესიით კვებავენ ერთმანეთს,  გადადიან ჯიბრზე და მორევაზე, რაც იმ პროცესს, რისთვისაც ორივე იბრძვის, მნიშვნელოვნად აზარალებს.  საქმე გატანაზეა, და ზოგჯერ, მგონი, ისიც ავიწყდებათ, საიდან, რის გამო დაიწყო ომი. ამიტომ ისევ განათლების სისტემასთან მივდივართ და იმ თემასთან, რომ ადამიანმა წიგნი უნდა იკითხოს, იყოს ტოლერანტული, დაუშვას საწინააღმდეგო აზრის არსებობა, პატივი სცეს განსხვავებულ მოსაზრებას და ადამიანი მისთვის მთავარ ფასეულობად დარჩეს. სიყვარულისა და ჯანსაღი აზროვნების უნარი ხომ ყველა ადამიანშია, ამის განვითარება და გაღვივება, პირველ რიგში, ოჯახის მოვალეობაა, შემდეგ კი საგანმანათლებლო სისტემის. სახელმწიფოს და ხალხის ნება თუ დემოკრატიის შენებაა, სახელმწიფომაც მეტი რესურსი უნდა გაიღოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და თითოეულმა ჩვენგანმაც მზაობა და აქტიურობა გამოიჩინოს ამისთვის.

- თუმცა ამ ჩვენს „დემოკრატიულ სივრცეში“ აღმოჩნდა რომ რადიკალურად განსხვავებული საკითხები გვაღელვებს.  მაგალითად, UNICEF-ის კვლევის თანახმად საქართველოში  50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა ბავშთა სიკვდილიანობის მხრივ.ჰოდა, ამ სიტუაციის გასაპროტესტებლად რატომღაც  ქუჩაში არ გამოსულა  10 ათასი ადამიანი, მაშინ როდესაც 17 მაისს ამაზე მეტი ადამიანი გამოვიდა მითიური და გამოგონილი „გეების შეთქმულების“ გასაპოტესტებლად...

- არსებობს სენსიტიური და ნაკლებად სენსიტიური საკითხები. ხალხი სხვადასხვა თემაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ზოგ ასპექტს პირად ღირსებასთან აიგივებს და მისი დასაცავად, წარმოსახვითი მტრის წინააღმდეგ უფრო გულმხურვალედ იბრძვის. ეს ორიენტირები ალბათ ცალკეულ პიროვნებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უნდა გამოკვეთონ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც მოქალაქეები სავალალო პასიურობას იჩენენ, მეტ მუშაობას საჭიროებს. თანაც ეს მუშაობა ყოველდღიური პროცესია და მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად მუდმივი წინსვლაა საჭირო. ორგანიზაციები და ადამიანთა ჯგუფები, რომელბიც ბავშვთა უფლებებს იცავენ, ალბათ მეტად უნდა შეეცადნონ საზოგდოების ყურადღების მიპყრობას და გამოფხიზლებას, სახელმწიფოს იძულებას და ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას თითოეულ კონკრეტულ შემთვევაზე. მჯერა, რომ სოციალური თემატიკაც შეიძლება გახადო უფრო აქტუალური, მასობრივად წინ წამოწეული. თუკი, მაგალითად,  ადამიანები აქტიურად გამოეხმაურნენ ეკოლოგიურ პრობლემებს, ხეების დარგვასა თუ მოჭრას, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტული მიმართულების ორგანიზაციებმა სწორად იმუშავაეს. ადამიანებისთვის  ხეები ბავშვეზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ასე არც უნდა დაისვას საკითხი... არ მჯერა, რომ საზოგადოება მცენარეების მიმართ უფრო სენსიტიურია, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეები არ არის მხოლოდ ლამაზი პეიზაჟი და კარგი ჰაერი, ეს არის ჩვენი ეკოლოგია და ჯანმრთელობა. მაგრამ ბავშვები, რომლებიც უკვე არსებობენ და მათი გადარჩენა არგადარჩენის საკითხზეა საუბარი, ყველას უნდა შეგვეხოს. თუ ჩვენამდე არ მოდის ეს ინფორმაცია სათანადოდ,  ეს მედიის გულგრილობითაცაა გამოწვეული, მედიის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის. პრობლემა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სისტემურადაა მოსაგვარებელი - პრიორიტეტების სწორად განსაზღვრითა და სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯებით.

- არის კიდევ ერთი  დიდი და ავტორიტეტული ინსტიტუცია- ეკლესია, თუმცა აღნიშნულ საკითხში მათი განსაკუთრებული აქტივობა არ ჩანს...

- სადღეისოდ  მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ეკლესიას. დიდია რელიგიის როლი ქართულ საზოგადოებაში, ახალგაზრდებში... ეს ფაქტი თავად ეკლესიის ვალდებულებებსაც ზრდის. სწორედ ამიტომ ეკლესია უნდა იყოს პირველი მაგალითი სწორი ურთიერთობების, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის, პატიების, გაგების და ყველანაირი ძალადობის დაგმობის. ეკლესია უნდა იყოს თუნდაც უნივერსალური სივრცის მაგალითი - ყველასთვის  მისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნიი. ტაძრებში შესვლა, ლოცვის მოსმენა და წაკითხვა უნდა  შეეძლოს ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანს, ეტლით მოსარგებლეს, ყავარჯნით მოსარგებლეს, უსინათლოს, სმენის და მეტყველების პრობლემების მქონეს და ა. შ. ამ თემას ალბათ ქადაგებებშიც უნდა ვხვდებოდეთ. როცა ამდენად უსმენენ სასულიერო პირებს და ითვალისწინებენ მათ აზრს, ეს თავად სამღვდელოებას აკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. ზოგჯერ მათგან დასაშვებზე მეტსაც ითხოვენ და ესეც ერთგვარი პრობლემაა. მაგალითად, არჩევნებზე საარჩევნო უბანთან რიგში არაერთი სატელეფონო საუბარი მოვისმინე შეკითხვით, მამაო, ვის მივცე ხმა... აქ სწორი პასუხი არ არსებობს, აქ მრევლი თავად უბიძგებს მღვდელს ჩაერიოს ცხოვრების იმ ნაწილში, რომელიც არ ევალება.

- ბოლო წლებში ბევრი ეკლესია აშენდა და სადმე თუ არის გათვალისწინებული პანდუსები და ხელმისაწვდომი გარემო? და თუ არის ვისგან წამოვიდა  შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის ინიციატივა?

- თბილისში არის რამდენიმე ეკლესიაში. თუმცა,ამ საკითხებზე მომუშავე ჩემმა მეგობრებმა როგორც მითხრეს,  სრული ადაპტირება არსად არის. თანაც  არც ამ გარემოს შექმნის ინიციატივა წამოსულა ეკლესიის მხრიდან,კონკრეტულმა არასამთავრობოებმა იაქტიურეს. კიდევ ერთი პრობლემაა შეზღუდული შესალებლობის პირთა მიმართ ქველმოქმედებითი მიდგომა. სხვადასხვა კომპანიის მხრიდან ქველმოქმედება ხშირად ერთჯერადი აქტივობაა, ზოგჯერ არასწორად მიმართულიც. ძირითადად ორგანიზაციის პიარზე ორიენტირებული და მალევე ამოწურვადი. ერთჯერადად, გინდაც რამდენჯერმე გაღებული მატერიალური ან თუნდაც არამატერიალური დახმარებით ამ ადამიანების მდგომარეობა ვერ მსუბუქდება. საჭიროა მათი უფლებების დაცვაზე ფიქრი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა დამოუკიდებლად შეძლოს  გადაადგილება, მუშაობა და ღირსეული ცხოვრება.

ეს მიდგომა კი სასურველია ბავშვობიდან ჩამოყალიბდეს, რომ ადამიანმა თავიდანვე მიიღოს სამყარო თავისი მდიდარი მრავალფეროვნებით. ბავშვთა უფლებათა კონვენციისა და გაეროს წესდებაში მოყვანილი სიტყვებით, რომელიც ალბათ არავისთვისაა სადაო,  ბავშვი უნდა აღიზარდოს მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი