საზოგადოება მარგალიტების ძიებაში
„თეატრალური
იმერეთი – 2012“ და „არტ–თვე“ – ეს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალია, რომლითაც ქუთაისი
ბოლო პერიოდში ფესტივალების სიმრავლით გამოირჩა და „გამაგრდა“.
ორივე
ფესტივალი, რომელიც „არტ–თვის“ ფარგლებში გაიმართა თეატრალური აღმოჩნდა და უმეტესწილად
ადგილობრივი რესურსით დაკომპლექტდა.
ადგილობრივი
პოტენციალი წარმოაჩინა ფესტივალმაც „თეატრალური იმერეთი – 2012“, რომელიც საქართველოს
თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის
პროექტის მიხედვით მოეწყო. იგი ერთგვარი გაგრძელება
გახლდათ იმ ფესტივალისა, რომელიც 2002–2003 წლებში იმერეთის მასშტაბით გაიმართა. მაშინაც
ფესტივალის ერთ–ერთი ინიციატორი თეატრალური საზოგადოება გახლდათ, რომელმაც ფესტივალში
იმერეთის რეგიონის ყველა თეატრი ჩართო.
18
თეატრალური დასი ჩაერთო პროექტის წლევანდელ „მოდერნიზებულ“ ვერსიაშიც. რომელსაც კულტცხოვრების
გამოცოცხლების ფუნქცია დაეკისრა. როგორც პროექტის ავტორი, თეატრალური საზოგადოების
იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან როხვაძე ამბობს, ამ ეტაპზე საზოგადოების მთავარი
ფუნქცია სწორედ ეს არის.
„რეგიონის
თეატრების გაცოცხლება მთავარი მიზანია და ყველაზე საშური საქმე ორგანიზაციისთვის. მიუხედავად
იმისა, რომ მესხიშვილის თეატრში თამაში ადვილი არაა. ფესტივალში რეგიონის ყველა თეატრმა
მიიღო მონაწილეობა. თეატრის სიყვარულმა გააკეთებინათ ეს და ძალიან ბევრ ადამიანს, თანაც
სწორედ რეგიონებიდან, თავი მოუყარა მესხიშვილის თეატრში. თეატრი თეატრს შეხვდა, ერთმანეთის
სპექტაკლები ნახეს. ხვალისთვის იმედი გაუჩნდათ და ხარისხზეც დაიწყეს ფიქრი. თუკი წელს
იმაზე იფიქრეს რა წარმოედგინათ, მომავალ წელს იმაზეც იფიქრებენ როგორ აჩვენონ, ანუ ხარისხი გაიზრდება“, – მიაჩნია
ლევან როხვაძეს.
თუმცა,
ლევან როხვაძის თქმით, გარკვეული მარგალიტები ამ ფესტივალმაც აჩვენა. „ფესტივალმა გამოაჩინა
13 მარგალიტი. 4 საათნახევარი იმსჯელა ცხრაკაციანმა ჟიურიმ და როგორც იქნა შეჯერდა
გადაწყვეტილებაზე – ხარაგაულის სახალხო თეატრისთის მიენიჭებინათ „გრან–პრი“. და საერთოდ. საიდან იყო ყველა ის კორიფე და თეატრის
ლეგენდა?! სოფლებიდან არ წამოვიდნენ?! მარტო იმერეთიდან რამდენი ნიჭიერი ადამიანი წამოვიდა–დრამატურგებით
დაწყებული დიდი მსახიობებით დამთავრებული“, – ამბობს ლევან როხვაძე.
როხვაძის
აზრით, თეატრალურმა საზოგადოებამ სწორედ ამ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მისცეს თეატრებს, ეს მისი
მოვალეობაა. ამ მოვალეობას საზოგადოება მეტ–ნაკლები წარმატებით, გასული საუკუნის სამოციანი
წლებიდან ასრულებდა. რამაც სადღეისოდ 180–მდე
წევრი, ოთხი თანამშრომელი, საფესტივალო პროექტები, თეატრი „მეორე სართულზე“ და ჟურნალი
„თეატრალური ქუთაისი“ მოუპოვა და შეუნარჩუნა.
თავმჯდომარის ინფორმაციით საზოგადოების წევრობა ბევრს უნდა, საზოგადოებაც ყველას აძლევს
ამის საშულებას – ყველას ვისაც თეატრი უყვარს.
თეატრის
სიყვარული გაცილებით დიდი ხნის წინ გახდა მიზეზი საქართველოს თეატრალური საზოგადოების
ჩამოყალიბების. იგი ერთ–ერთი ყველაზე ძველი საზოგადოება და კავშირია საქართველოში
– 130 წლის. თანაც იგი კავშირშია სწორედ მნიშვნელოვან სახელებთან. ქართული თეატრის
„მამები“ ილია და აკაკი თეატრს მნიშვნელოვან როლს აკუთნებდნენ. მან, როგორც რეალობის
სარკემ, როგორც ტრიბუნამ მართლაც გარკვეული როლი ითამაშა საბჭოთა იდეოლოგიის გადაფარვაში.
თუმცა ეს როლი საკმაოდ მოისუსტებს სადღეისოდ,
ყოველ შემთხვევაში ქუთაისსა და იმერეთში.
„თეატრი
ყველაფრის საშუალებას იძლევა. მას შეუძლია იყოს ყველაზე კრიტიკული. მიუხედავად იმისა,
რომ თეატრი აპოლიტიკურად მიმაჩნია, მაგრამ მას შეუძლია ბევრ პოლიტიკოსს დაანახოს მისი
თავი, მოიტანოს სხვა ქვეტექსტები’, – ამბობს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
სანამ
თეატრალებს მნიშვნელოვანი ქვეტექსტებით გაუმდიდრებიათ საკუთარი სათქმელი სცენიდან,
მანამ საზოგადოება საწევროებით და იმ პროგრამული დაფინანსებით არსებობს, რომელსაც სახელმწიფო
წელიწადში რამოდენიმეჯერ გაიღებს ხოლმე. თუმცა ლევან როხვაძის თქმით შეხვედრა–დისკუსიებით,
საიუბილეო საღამოების აღნიშვნით და სპექტაკლების დადგმით იკლავენ თეატრის წყურვილს.
თეატრალურ საზოგადოებასთან არსებული თეატრის „მეორე სართულზე“ ანგარიშზე 27 სპექტაკლია.
„ჩვენი
თეატრი საშუალებას აძლევს მსურველებს, სანამ დიდ სცენაზე გავლენ, აქ მოსინჯონ ძლები,
ასპარეზი აქვთ დათმობილი. აქედან აიდგა ფეხი ბევრმა თეატრმა და შესაძლებლობა მიეცა
თავი გაეცნო საზოგადოებისთვის“, – ამბობს ლევან როხვაძე.
თუმცა
საზოგადოებამ რომ უკეთესად გაიცნოს თეატრი, როხვაძის თქმით, სამი ფაქტორია მნიშვნელოვანი
– ნორმალური დაფინანსება, თეატრალური კრიტიკა, განათლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
„მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან თეატრი არა მარტო კულტურას აწევს, არამედ სახელმწიფოებრივ
აზროვნებასაც სხვა სიმაღლეს მისცემს,“ – მიაჩნია მას.
სიმაღლეების
დასაპყრობად თეატრალური საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციაში ისევ ფესტივალებზე ამყარებენ
იმედს. „ხელისუფლებამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და მომავალ წელსაც მისცეს იმერეთის
თეატრებს საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება. მაგალითად, დავით კლდიაშვილის 150–ე წლისთავი
აღინიშნოს იმით, რომ ყველა თეატრმა მისი რომელიმე ნაწარმოები დადგას სცენაზე. იმუშაოს
მთელი წელი და მოემზადოს ფესტივალისთვის. მომზადებული რომ ჩამოვა აუცილებლად წარმოაჩენს
თავის მარგალიტებს“, – ამბობს ლევან როხვაძე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი