|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პარლამენტთან ბინების საიჯარო თანხამ 5–ჯერ მოიმატა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაიჯარებელი ბინები არ არსებობს. ის საცხოვრებლები, რომლებიც თავისუფალი იყო, საკანონმდებლო  ორგანოს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა დაიკავეს.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, სადაც საქართველოს პარლამენტის მოწყობა მიმდინარეობს,  მაცხვორებლები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანამ ბინებზე ფასის ზრდა გამოიწვია. შედეგად, იმ ადამიანებს გაუმართლათ, რომელთაც ბინის გაიჯარების სურვილი ჰქონდათ. რადგან ბინების დაგირავებისა და გაყიდვის მსურველებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ბინების გაქირავება გაძვირდა. ადრე თუ 50 ლარი ღირდა, ახლა 250 დოლარად აქირავებენ. მაგრამ ასეთ ძვირადღირებულ ფართს  ძირითადად პარლამენტის მშენებლობაზე  დასაქმებული თურქი მუშები იღებენ.  მაღალი ფასის სანაცვლოდ თურქები კომფორტს ითხოვენ. ბინაში ცხელი წყალი და შესაბამისი მდგომარეობა უნდა იყოს.  ქართველი მუშახელი შედარებით  დაბალფასიან ბინაში შედის  და ცივი წყლითაც კმაყოფილდება,“ –  ამბობს ირაკლი აბაშიძის გამზირზე მცხოვრები ნანული კოპალიანი.

მოსახლეობის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბინის ყიდვის სურვილს არავინ გამოთქვამს, რადგან ბინების უმრავლესობა და თავად ტერიტორიაც მოუწესრიგებელია.

„აქ ვის რად უნდა ბინა. ვინც აქ ვცხოვრობთ, ჩვენც გვეზარება ცხოვრება. მტვრისა  და ნაგვის მეტი არაფერია. ქუთაისი ერთი დიდი სოფელია, რომელსაც არც პარლამენტი შველის. ბინების გაქირავების მსურველები კი მოდიან, ძირითადად მუშები, მაგრამ თავისუფალ ბინას ვერ პოულობენ. რაც გასაქირავებელი იყო, უკვე დაკავებულია, “ – ამბობენ ირაკლი აბაშიძის გამზირზე მაცხვორებლები. 

უძრავ ქონებაზე მოვაჭრეების თქმით, პარლამენტის ფაქტორის მიუხედავად, ბინის იჯარით აღების, დაგირავების  თუ  ყიდვის მსურველი პირებისთვის ამ მხრივ სასურველ ადგილად კვლავ ქალაქის ცენტრი რჩება. 

„ბინების  გაქირავების  ფასი 50 ლარიდან იწყება და 300 დოლარამდე ადის. თანაც გააჩნია ტერიტორიას და ბინის მოწყობას. თუ ადამიანს ძალიან არ უჭირს, ფართს არ აგირავებს, რადგან ამით ვერაფერ მოგებას იღებს. გაქირავება კი სარფიანია. როგორც ჩვენ ვიცით, მომავალი პარლამენტარები ინტერესდებიან პარლამენტის ტერიტორიაზე ბინის დაქირავების საკითხით. ჩვენთან უშუალოდ ისინი არ მოსულან, თუმცა  წარმომადგენლები მოდიან და გვეუბნებიან, პარლამენტარი გადმოდის ოჯახით და ბინა უნდაო,“ – ამბობენ  ე.წ. მაკლერები. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა