„მომგებიანი" აზარტული ბიზნესი შეზღუდვების მოლოდინში
სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოსაკრებელი ასე
ნაწილდება: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულია 1 მილიონ 900 000 ლარამდე,
ტოტალიზატორებიდან, ბინგოებიდან და ლოტოებიდან - 200 000 ლარამდე, სხვა არაკლასიფიცირებული
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესულია 204 000 ლარი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გეგმაზე გადაჭარბებით
მიღებული შემოსავლები სათამაშო ბიზნესისთვის დაწესებულ გაზრდილ გადასახადებს
უკავშირდება. საგადასახდო კოდექსში ცვლილება პარლამენტში 2011 წლის დაწყისში
შევიდა. ცვლილების თანახმად, სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახდებისგან
გათავისუფლდა. თუმცა, შეიცვალა სანებართვო პირობები და რაც მთავარია,
გაიზარდა მოსაკრებლის მოცულობა. სანებართვო მოსაკრებლის მინიმალური
ზღვარი 50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 1 მილიონი ლარით განისაზღვრა. მეწარმე
აღნიშნულ თანხას ყოველ წელს, 5 წლის მანძილზე
იხდის. ცვლილებების ამოქმედების შედეგად,
თვითმმართველობებში აღნიშნულ ობიექტებზე მოსაკრებლის დაწესება თავად, ადგილობრივ
თვითმმართველ ორგანოებს დაევალათ.
ქუთაისის საკანონმდებლო ორგანომაც არ დააყოვნა და სათამაშო ობიექტებზე მოსაკრებელი გაზარდა.
(სათამაშო ობიექტებზე გაზრდილი მოსაკრებელი ასე გადანაწილდა: თითოეულ
სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2100 ლარი, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე
- საპრიზო ფონდის 10% შედის ბიუჯეტში, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ
თამაშებზე კვარტალში - 30 000 ლარი, ლატარიების მოწყობაზე ლატარიის ბილეთების
რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების - 10%, სისტემური ელექტრონული ფორმით
მოწყობილი, ან აზარტული, ან მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე - კვარტალში
5 000 ლარი.
„ამ დროისთვის დაწესებული მოსაკრებელი
სათამაშო ბიზნესზე სრულიად ნორმალურია. ადგილობრივ თვითმმართველობაში
არსებული მოსაკრებელი არის გათვლილი ამ
ბიზნესიდან თანხების მაქსიმალურ მობილიზაციაზე", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის
წევრი მერაბ მეშველიანი.
თავად, გასართობი
ობიექტის წარმომადგენელები მიიჩნევენ, გადასახადების გაზრდა მცდარი გადაწყვეტილება
იყო.
„აქ ჩვენ ადამიანები გვყავს დასაქმებული, რომელთა
უკან ოჯახები დგას. ამიტომ, სწორად არ მიმაჩნია, რომ მოსაკრებელი გაზარდეს,
სალიცენზიო ფასზე რომ არაფერი ვთქვათ. მოსაკრებლის გაზრდის შედეგად რამდენიმე
ობიექტი დაიხურა. უბრალოდ, ძალიან რთულია ამდენის გადახდა", - ამბობს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე არსებული
ერთ-ერთი გასართობი ცენტრის წარმომადგენელი რუსუდან ქართველიშვილი.
გაზრდილი
მოსაკრებლის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით
მთავრობას ახალი ინიციატივები შემოაქვს. კერძოდ, „ლატარიების, აზარტული
და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები
შედის. მთავრობის ინიცატივით, აზარტული კლუბების მოწყობის ნებართვა მხოლოდ
თბილისში გაიცემა. ამასთან კანონპროექტის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის
ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა კანონით დარეგულირდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში
სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვების დაწესებას (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული
ბიზნესიდან სოლიდური ამონაგები ამოაქვთ)
დადებითად აფასებენ. „ეს გადაწყვეტილება
ძალიან კარგია. ამ ბიზნესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. დადებითია
ის, რომ ვთქვათ ბიუჯეტში თანხა შედის, ადამიანები დასაქმებულები არიან და კიდევ
კონკრეტულ ადგილზე მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა. უარყოფითად გამოვლინდა
ამ ბიზნესში ახალგაზრდების ჩართულობა, რასაც ძალიან ხშირად სავალალო შედეგები
მოაქვს," - განმარტავს მერაბ მეშველიანი.
ავტორი: თეკლა მორგოშია