წყალტუბოში პარლამენტარებისათვის საცხოვრებლების აშენება გადაიფიქრეს?!
ქუთაისში მოვლინებული პარლამენტარებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა წყალტუბოში შეჩერებულია. რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პარლამენტართა სახლები უნდა განთავსებულიყო, ამ ეტაპზე ის ჯგუფი იმყოფება, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პარლამენტარებისათვის საცხოვრებლების მშენებლობის დაწყების განცხადება წყალტუბოს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გააკეთა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი მაშინ აცხადებდა, რომ სამუშაოები დაიწყო და პარლამენტარებისათვის სამი ხუთსართულიანი კორპუსი დაჩქარებული წესით აშენდებოდა.
კორპუსების ასაშენებლად კი წყალტუბოში "საქართველოს ბანკის" ყოფილი ტერიტორია და სანატორიუმი "ცისკარი" შეირჩა, საიდანაც გასული წლის ბოლოს დევნილი ოჯახები ახლადაშენებულ კორპუსებში გადაიყვანეს.
როგორც დევნილები აცხადებდნენ, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა და რაიონის ხელმძღვანელობამ იმ
პერიოდში ტერიტორია რამდენჯერმე დაათვალიერეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებების მიუხედავად, პარლამენტართა საცხოვრებლების მშენებლობის პროცესი ტერიტორიის შემოღობვითა და ტერიტორიაზე რამდენიმე თხრილის გაკეთებით შემოიფარგლა.
სამუშაოების შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით მაშინ არც მუშები და არც სამუშაოთა მწარმოებლები
საუბრობდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კი
სამუშაოების შეჩერების მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ ტერიტორიაზე
სახლებისათვის საძირკვლის გაჭრა დაიწყო, თუმცა პროცესი კლიმატური პირობების
გაუარესებამ დროებით შეაფერხა. მუნიციპალიტეტში
მოგვიანებით განაცხადეს, რომ სამუშაოები ჩვეულ ტემპში აღდგა, თუმცა ტერიტორიაზე ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
წყალტუბოში პარლამენტართა სახლების მშენებლობის საკითხთან
დაკავშირებით კომენტარისაგან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე თავს იკავებს. ისინი
აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან სახლების
მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მსგავსად, დუმან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც, რომელიც პარლამენტართა სახლების მშენებლობის საკითხს კურირებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე