შევაჩეროთ C ჰეპატიტი
სილამაზის სალონში
შევდივარ სალონში “ნატალი“, რომლის დასახელებაც ხშირად იკითხება ბანერებზე და ისმის რეკლამებში. სანამ ადმინისტრატორი სალონის მეპატრონეს უხსნის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში - „შეაჩერე С “, ვიღაც ჟურნალისტს სტატიის მომზადება უნდა და აინტერესებს, როგორ იცავენ სალონები უსაფრთხოების წესებს, - მე ამ დროის მონაკვეთში, რამდენიმე ფოტოს გადაღებას ვახერხებ. ფოტოებში„მანიკურშა“ კლიენტს ფრჩხილებს უკეთებს.
- „მოიცადეთ,
ჯერ არ გადაიღოთ, ხელთათმანებს მოვიტან,“ - ტელეფონს თიშავს და ჩემკენ ტრიალდება ადმინისტრატორი
_ გადაღებას ვწყვეტ და ხელთათმანს ველოდები.
-„Что случилось?“
(რა მოხდა?) - კითხულობს „მანიკურშა“.
-„Я забыла тебе
сказать что надо, надеть перчатки“ (დამავიწყდა იმის თქმა, რომ ხელთათმანი უნდა გეკეთოს), _ პასუხობს ადმინისტრატორი.
-„А где же перчатки“
(სად არის ხელთათმანები)? - კითხულობს „მანიკურშა“ და ვხვდები, დიდი ალბათობით, ერთჯერადი
ხელთათმანები, რაც ამ სალონში მუშაობს, არ გამოუყენებია.
ხელთათმანი ხელზეა
და „მანიკურშა“ საქმეს აგრძელებს. პროცედურის დამთავრების შემდეგ, გამოყენებული ხელსაწყოები
ერთჯერად პაკეტში ჩააწყო და სასტერილიზაციოდ გამზადებულ სხვა ნივთებთან ერთად, მოშორებით
დადო. ამჯერად, ადმინისტრატორის მითითების გარეშე.
რაც შეეხება ადმინისტრატორს,
მიხსნის, რომ სალონი, სადაც ვიმყოფებით, სალონის ქსელის ერთ-ერთი ფილიალია: „ჩვენ გამოყენებულ
ხელსაწყოებს სხვაგან ვაგზავნით (მეუბნება მისამართს), იქ იწმინდება და მერე ისევ უკან
გვეგზავნება დალუქული პაკეტებით, რომელსაც თანამშრომლები კლიენტის თვალწინ ხსნიან“.
- „ნამდვილად,
ჩემს თვალწინ გახსნა,“ - მომმართავს კლიენტი, თითქოს სალონის თანამშრომლების ჩემგან
დახსნას ცდილობს. მე ვუღიმი, ვემშვიდობები და სალონიდან გავდივარ.
უსაფრთხოების
ნორმების დაცვა სხვადასხვა დაავადებისა, თუ ვირუსის გავრცელებისაგან თავის არიდების
ერთ-ერთი წინაპირობაა. სილამაზისა და სვირინგის სალონებში, აქამდე, არ არსებობდა არანაირი
რეგულაცია, რომელიც სტერილიზაციას გააკონტროლებდა. 2015 წლის 28 იანვარს, ჯანდაცვის
სამინისტროს ინიციატივით, სილამაზისა და სვირინგის სალონების, ასევე სტომატოლოგიური
კაბინეტების აღრიცხვა დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია
ამბობს, ეს პროგრამა პროექტ „შეაჩერე C“-ს ფარგლებში ამუშავდა, რაც C ჰეპატიტის გავრცელებასთან
ბრძოლას გულისხმობს:
„მაღალი რისკის
დაწესებულებების მონიტორინგი C ჰეპატიტის გავრცელების რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.
არ შეიძლება, ერთი მხრივ, დავიწყოთ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა და მეორე მხრივ, ყურადღება
არ მივაქციოთ მსგავსი დაწესებულებებისათვის დამახასიათებელ იმ რისკ-ფაქტორებს, რომელსაც
ვაწყდებით. ასე, გამოვა, რომ თან С ჰეპატიტს ვმკურნალობთ და თან არაფერს ვაკეთებთ მისი
გავრცელების წინააღმდეგ, ამიტომ მსგავსი მონიტორინგი არის მნიშვნელოვანი პრევენციული
ღონისძიება ჰეპატიტთან საბრძოლველად“, _ აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი
კვარაცხელია.
თბილისში, ჯანდაცვის
სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი დაასრულა, სილამაზისა და ტატუს
სალონების შემოწმება კი ისევ გრძელდება. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მალე დასრულდება
მონიტორინგი რეგიონებშიც და საბოლოო სურათს, უახლოეს პერიოდში დავინახავთ: - „თბილისში
544 სტომატოლოგიური დაწესებულება შემოწმდა. აქედან 77- ში ვერ განხორციელდა მონიტორინგი
იმის გამო, რომ ზოგი დაკეტილი იყო, ზოგი - რემონტდებოდა. 26 დაწესებულება დაკეტილი
დაგვხვდა, მიზეზი არ არის ცნობილი და კიდევ ერთხელ შემოწმდება. 52 დაწესებულება ყოველგვარი
შეტყობინების გარეშე მუშაობდა და ფუნქციონირებდა, რაც სერიოზული დარღვევაა. თუმცა,
ჩვენ ვასრულებთ პირობას, არ ვაჯარიმებთ დაწესებულებებს და ხარვეზების გამოსწორებისათვის
2-თვიან ვადას ვაძლევთ“, - განმარტავს ვალერი კვარაცხელია.
სტომატოლოგიურ კლინიკაში
ერთ-ერთ გარეუბანში
მდებარე კლინიკა „კრისტალდენტის“ ჩემი ფოტოკამერით შემოწმება გადავწყვიტე. როგორც კი,
სტომატოლოგებს ჩემი მისვლის საბაბი ავუხსენი, მიპასუხეს, ჩვენ ჯანდაცვამ უკვე შეგვამოწმა
და ყველაფერი რიგზე გვაქვსო.
-„არ გინდა, ეს
არ გადაიღო!.. რად გინდა, ამას რომ იღებ?!. მოიცა, მივალაგო!.. ზემოთ არ გადაიღო, ქვემოთ დადე და ისე გადაიღე!..
ეს რატომ გადაიღე, ეს წაშალე!.. მაჩვენე რა, რა სურათები გადაიღე!..“ - მსგავსი რეპლიკების
ფონზე მიმდინარეობდა ჩემი პირადი მონიტორინგი. თუმცა, სანამ სასტერილიზაციო ოთახში
შემიყვანდნენ, ფეხზე ლურჯი ბახილები ამომაცვეს და ქურთუკი გამახდევინეს.
კლინიკის ექიმი,
რომელსაც გამოყენებული ხელსაწყოების სტერილიზაცია ევალება, ია მაისურაძეა. მიუხედავად
იმისა, რომ ღელავდა, დაწვრილებით მიხსნიდა: - „ჯერ, ყველაფერს ამ საპნიან წყალში ვდებთ,
საათობით, მერე გამდინარე ცხელი წყლით ვრეცხავთ დიდ ხანს. დარეცხილებს ლიზოფორმინიან
წყალში ვათავსებთ. ლიზოფორმინიდან ამოყრილ მასალას, ისევ გამდინარე ცხელ წყალში ვრეცხავთ...მერე
იწმინდება, იფუთება პაკეტებში და იდება სტერილიზატორში - კვარცის აპარატში, რომ მიკრობები
განადგურდეს. როდესაც კვარცის აპარატი ირთვება, ჩვენ ოთახიდან გავდივართ“.
სტომატოლოგებს
ვეკითხები, რამდენად ინტერესდებიან პაციენტები, სტერილურია ხელსაწყოები, თუ არა-მეთქი?
-ეღიმებათ და მპასუხობენ:
-
„მე, მაგალითად, ქირურგი ვარ, 10 წელია სხვადასხვა კლინიკაში
ვმუშაობ და ჩემთვის არცერთ პაციენტს არ უკითხავს, სტერილურ ხელსაწყოებს ვიყენებდი თუ
არა.“
-
„მეც, 5 წელია, რაც კლინიკაში ვმუშაობ. ჩემთვისაც არასოდეს უკითხავთ
მსგავსი არაფერი. პაციენტები ამ საკითხით არ ინტერესდებიან. არადა, მეტად მომთხოვნები
და დაკვირვებულები უნდა იყვნენ, ყველა კლინიკა ერთნაირად არ ზრუნავს ჰიგიენის დაცვაზე.
თუმცა, ალბათ, არ იცის ხალხმა, ინფორმაცია არ აქვთ, რომ შესაძლოა სერიოზული დაავადება
გადაედოთ გაუფრთხილებლობის გამო.“
2002 წლის სტატისტიკის
მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტით რეგისტრირებულთა მაჩვენებელი (მოზრდილ მოსახლეობაში)
6,7 %-ია; რაც, სავარაუდოდ, 150 000-დან 200 000 ადამიანამდე მერყეობს. ბოლო წლების
ეროვნული სტატისტიკა, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი
კვარაცხელიას თქმით, ზუსტი სტატისტიკა მიმდინარე წლის ივნისში იქნება მზად. მათ შორის,
აღრიცხული იქნება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ჰეპატიტით, სწორედ,
ისეთ მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დაინფიცირდნენ, როგორიც სილამაზისა და ტატუს
სალონები, სტომატოლოგიური კლინიკებია.
C ჰეპატიტის დიაგნოზით
აჩიკო გაავა
37 წლისაა. იგი C ჰეპატიტისგან 6-თვიანი მკურნალობის შედეგად განიკურნა. მკურნალობდა
საკუთარი სახსრებით და როგორც ამბობს, 15-დან 17-ათას ლარამდე დაუჯდა: „თითო ნემსი 80-დან 500 ლარამდე ღირდა. კვირაში
ერთ ნემს ვიკეთებდი, შემდეგ ანალიზებს. მკურნალობის პროცესი რთული არ ყოფილა, მაგრამ
პრეპარატს უკუჩვენებები ჰქონდა ხან მუცლის, ხან ფეხის არეში; წამალმა დამიტოვა თავის
ტკივილი, უძილობა; ნერვიული და აგრესიული გავხდი“, - ამბობს აჩიკო.
აჩიკო C ჰეპატიტის მატარებელი რომ იყო,
5 წლის წინ გაიგო, მაგრამ ექიმთან არ მისულა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ
დაავადების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა გარდა იმისა, რომ გადამდებია და
სერიოზულად არ აღიქვამდა: - „ სამი წლის წინ ნაღველამ შემაწუხა და ექიმთან მივედი.
სისხლის ანალიზმა C ჰეპატიტი გამოავლინა. სწორედ
მაშინ ამიხსნა ექიმმა, რა შეიძლებოდა გამოეწვია ამ დაავადებას, თუკი მკურნალობას არ
დავიწყებდი. ნელ-ნელა, ყველაფერი გავიგე C ჰეპატიტის შესახებ და მკურნალობაც
მაშინვე დავიწყე“.
აჩიკო ამბობს,
რომ მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას: - „უამრავ
ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, ისეთებიც მინახავს, რომლებსაც თავი სასიკვდილოდ გადადებული
ეგონათ, ისეთებიც, - რამდენჯერმე განკურნებული და ხელახლა დაინფიცირებულიც. ასეთ მკურნალობას
აზრი არ აქვს. ეს დაავადება არ არის გრიპი, უცებ გაგიაროს. ამიტომ ყოველთვის ფრთხილად
უნდა იყო. სიცოცხლეს არ უნდა ეთამაშო!..“
აჩიკოს თქმით,
ექიმთან თითქმის ყველა აცხადებდა, რომ C ჰეპატიტი სისხლის გადასხმის, ან კბილის ამოღების დროს გადაედოთ, ზოგი
მათგანი დაინფიცირების წყაროდ სალონებს ასახელებდა, მაგრამ პირად საუბრებში უმრავლესობა
აღიარებდა, რომ მრავალჯერადად გამოყენებული ნემსებით, თავიანთი დაუდევრობის გამო დაინფიცირდნენ:
- „მე პირდაპირ ვამბობ, რომ ბავშვობაში „ვმაიმუნობდი“. რამდენჯერმე წამიცდა ხელი ნარკოტიკებზე
და ეს დაავადებაც „ავიკიდე“. ამიტომ, ყველას მინდა მივმართო, დაფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებაზე.
განსაკუთრებით კი, იმათ მინდა ვურჩიო ექიმთან მისვლა, ვინც იცის, რომ C ჰეპატიტის მატარებელია
და ამას არაფრად აგდებს. აუცილებლად მიდით ექიმთან და იმკურნალეთ თქვენთვისაც და სხვებისთვისაც“,
- ამბობს აჩიკო.
ჯანდაცვის სამინისტრომ
2015 წლის მთავარ პროექტად C ჰეპატიტის, როგორც დაავადების, მართვა და ელიმინაცია გამოაცხადა.
„შეაჩერე C “ -
ეს არის კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო
აპირებს.
“საქართველო იქნება
მსოფლიოში პირველი ქვეყნა, სადაც C ჰეპატიტი არ იარსებებს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა
გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია
და მკურნალობისთვის საჭირო ზუსტ ფასზე ვერ ვილაპარაკებთ, გარწმუნებთ, რომ მკურნალობა
ხელმისაწვდომი იქნება ადამიანებისთვის“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი
კვარაცხელია.
ავტორი: თამარ კურატიშვილი