„გერმანიაში რთულია თავის დამკვიდრება“-გოჩა აბულაძე
"ნიუპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისელ ბარიტონთან, გოჩა აბულაძესთან, რომელსაც გერმანიაში საუკეთესო მომღერლის წოდება მიანიჭეს.
- გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში, „საუკეთესო მომღერლის“ წოდება მოგანიჭეს. როგორ მოხდა თქვენი შერჩევა ამ ტიტულისთვის?
-ბოლო ორი წელია, რაც გერმანიაში ჩამოვედი, მაგდერბურგის თეატრში ამიყვანეს მთავარ პარტიაზე, წამყვანი ბარიტონი ვარ. წლის განმავლობაში დაახლოებით 40-მდე სპექტაკლს ვმღერი. თეატრში, საუკეთესო მომღერლის წოდების მინიჭება ყოველწლიურად ხდება. თუმცა გერმანიაში რთულია თავის დამკვიდრება. ეს იყო რიგით მე-20 დაჯილდოება, სადაც გადმომცეს ოქროს მედალი, ფულადი ჯილდო და „საუკეთესო მომღერლის“ წოდება.
შერჩევა შემდეგი პრინციპით ხდება, ხალხი და მთლიანად თეატრის კოლექტივი ირჩევს საუკეთესო მომღერალს სეზონის, ანუ ერთი წლის განმავლობაში. 700 ადამიანიდან დაახლოებით 500-მა ჩემზე გააკეთა არჩევანი. ჩემი მოღვაწობიდან მეორე წელს მოხდა დაჯილდოება, რამაც ძალიან გამახარა. კოლეგები, რომლებიც 6-7 წელია აქ მუშაობენ, ვერ ახერხებენ ასეთ წარმატების მიღწევას.
- როგორც ვიცი , თქვენს შესახებ ფილმიც აჩვენეს. ამ ფილმზე რა შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
-დიახ, ფილმის გადაღებით გერმანელი რეჟისორი სტეფან ხორაკი დაინტერესდა. ფილმი ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიას ეძღვნება, რომელშიც ნაჩვენებია ჩემი კარიერული მიღწევები.
ყველაზე მეტად რაც მიხარია, არის ის, რომ ამ ფილმში ქართული ხაზი გავატარე. რეჟისორს საკუთარი იდეა შევთავაზე - ვუმღერე ქართული ხალხური სიმღერები, რომელიც ძალიან მოეწონა. ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია გამომივიდა, რაც ძალიან მახარებს.
- ახლა რა ეტაპზე ხართ? რას გეგმავთ მომავლისთვის?
-29 მარტს სერიოზული პრემიერა მაქვს - „ტრავიატასთვის“ ვემზადები, სადაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. შემდეგ ნეაპოლში და რომში მაქვს კონცერტები. მზადებაში ვარ, თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება.
-რამდენად გიცნობთ ქუთაისელი მსენელი და თუ გქონიათ გამოსვლები ქუთაისში?
-ქუთაისში მიცნობს მუსიკალური საზოგადოება, ვისაც ოპერასთან აქვს შეხება, რა თქმა უნდა, უმრავლესობა მიცნობს, მაგრამ სპექტაკლები არასდროს მიმღერია.
ორი წლის წინ რევაზ ჯავახიშვილთან ერთად მქონდა ძალიან კარგი კონცერტი ორკესტრთან ერთად. ეს იყო ჩემთვის დიდი სიამოვნება, რაშიც ჰონორარი არ ამიღია.
-საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ ?
-რა თქმა უნდა, ვგეგმავ ჩამოსვლას. სავარაუდოდ, ზაფხულში. მინდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების წინაშე წარვსდგე, რაც დიდი ხანია მონატრებული მაქვს.
-
-გასული წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოვედი. მეგობრები ერთად შევიკრიბეთ. აღმოჩნდა, რომ ერთი ბიჭი, რომელიც იქ გავიცანით, გიტარაზე უკრავდა და გადავწყვიტეთ, გვემღერა. არ ვიცოდი, თუ ვიდეოს იღებდნენ. 2 კვირის მერე დავბრუნდი გერმანიაში და ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა "იუთუბის" ლინკი, სადაც ჩვენი სიმღერა ჰქონდა ატვირთული. მერე ვიღაცამ "ფეისბუქზე" დადო ეს სიმღერა და ძალიან პოპულარული გახდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. მაგდებურგის თეატრში, ერთი პოლონელი სოლისტია და ეს ვიდეო ჩემს გვერდზე ბევრმა რომ ატვირთა, მერე მითხრა: „არ ვიცოდი, შენ თუ მღეროდი. პოლონეთში ეს სიმღერა ძალიან პოპულარულია, ყველა ამას უსმენსო“.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი