|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საზოგადოებამ სიფხიზლეს თუ ინერტულობა არჩია, ადვილად მივიღებთ ახალ ავტოკრატიას“

ახალი რეალობა ახალ გამოწვევებს აჩენს, გამოწვევები კითხვებს ბადებს, რომლებზე პასუხების პოვნაც, ადვილი შესაძლებელია, გახდეს ჩვენი არჩევანისა და შესაბამისად მომავლის განმსაზღვრელი. წარმოქმნილ კითხვათაგან რამოდენიმეზე პასუხის, მოსაზრების  მისაღებად newpress.ge–მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებულ პროფესორ ლევან გიგინეიშვილს მიმართა.

- არჩევნების შემდეგ ბევრგან ითქვა, რომ მოხდა ქართველი ხალხის თავიდან დაბადება. ერთმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა: რატომ ხდება, რომ სულ ვიბადებით და არ ვიზრდებითო? რამდენად შეიძლება შეფასდეს 2012 წლის არჩევნები თავიდან დაბადების ფაქტად, თუ იგი შესაძლებელია განიხილოს, როგორც ზრდასრულობისკენ სვლის მაჩვენებელი?

- ამ ორ ცნებას “დაბადებას” და “ზრდას” მე არ დავუპირისპირებდი ერთმანეთს ასე რადიკალურად. თუ ხდება ზრდა და განვითარება, შეიძლება ეს გამოთქვა ასეც, რომ ხდება ახალი და ახალი დაბადებაც, ოღონდაც ეს “დაბადებები” წრეზე ტრიალს არ უნდა დაემსგავსოს, ცხადია. რაც შეეხება საქართველოს საზოგადოებას, ვფიქრობ მისი ზრდა მოხდა და, ყველაზე კეთილშობილ ასპექტში რომ შევხედოთ არჩევნების შედეგს, ქართულმა საზოგადოებამ უარი თქვა სახელმწიფოს გაძლიერებაზე და მოდერნიზაციაზე, ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობის ხარჯზე. გამოდიოდა რაღაც ტერმინოლოგიური კონტრადიქცია, შეუსაბამობა: ევროპისკენ მივდიოდით თითქოს და ევროპაში აღიარებული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ფასეულობები უხეშად ირღვეოდა: ირღვეოდა სასამართლოს თავისუფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი, რის გამოც შიშის ქვეშ იყვნენ თავად ინიციატივაგამოცლილი მოსამართლეებიც და მოსახლეობაც; იბლოკებოდა ალტერნატიული არხების ტელეტრანსლაციები მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელისუფლებო არხები კი დეფორმირებულად (მოდელირებულად) ასახავდნენ რეალობას; პარლამენტი არ პარლამენტობდა: ერთი შემთხვევაც (sic!) არ იყო ამ რვა წლის მანძილზე, რომ პარლამენტი სამთავრობო ინიციატივას შეწინააღმდეგებოდა და შეეჩერებინა, თითქოსდა ღვთიურ ორაკულთან ჰქონდა საქმე.

ამიერიდან ევროპისკენ კურსი, ცხადია, შენარჩუნდება, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის სურვილი და ბედისწერაა. მაგრამ ეს კურსი აგებული იქნება ადამიანის უფლებების, ადამიანის ფასეულობის პირველადობის აღიარებაზე. ამის დიდი იმედი, მუხტი და საზოგადოების მოთხოვნა დღეს არსებობს. თუმცა, დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ და თუ სამოქალაქო საზოგადოებამ სიფხიზლეს ძილი და ინერტულობა არჩია, ადვილად მივიღებთ ახალ ავტოკრატიას.

- ყოფილი ხელისუფლება მოვიდა დემოკრატიის სახელით და ლიბერალური ღირებულებების „დროშით“. წასვლითაც, დემოკრატიის ერთ–ერთი ფუნდამენტური ღირებულების გათვალისწინებით წავიდა. თუკი მოსვლა–წასვლისას კანონს, ღირებულებებს, პასუხისმგებლობას რაღაც მნიშვნელობა გააჩნდა, რა მოხდა  მმართველობის ხანაში, რატომ მოხდა ხელისუფლების მხრიდან მათგან განდგომა?

- ხელისუფლების მხრიდან მმართველობის ხანაში დემოკრატიული ღირებულებებისგან განდგომა ალბათ მოხდა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სათანადოდ შესისხლხორცებული ეს ღირებულებები. თავიდანვე ჩავარდნენ გარკვეულ ცდუნებაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გაეძლიერებინათ სასტიკი და დაუნდობელი გზებით, დემოკრატიის პრინციპების ნიველირებით, ადამიანის უფლების, ღირსების დაკნინების ხარჯზე (მაგალითისთვის, უკვე 2004 წელს ხდებოდა ქალების პირაღმა დაწვენა ბეტონზე შეიარაღებული სპეცნაზის მიერ, ან კორუპციაში მხილებულების სახლებიდან პერანგისამარა გამოთრევა ღამის სამ საათზე და ამის ტელევიზიით ჩვენება ა.შ.). ეს ტენდენციები გაძლიერდა და ამან მოსახლეობის ნდობა ხელისუფლების მიმართ საგრძნობლად გაცვითა. რაც შეეხება წასვლას დემოკრატიული პროცედურის დაცვით და დამარცხების აღიარებით, ამაში მთავარი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მოსახლეობას და მის არნახულ აქტივობას, რამაც ფართომასშტაბიანი გაყალბება შეუძლებელი გახადა; ასევე დასავლეთის ძალების მკაფიო სიგნალს, რომ ხელისუფლებას აღარ ექნება უპირობო მხარდაჭერა (როგორც ეს ჰქონდა 2008 წ. როდესაც ჯ. ბუშმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მოულოცა მმართველ პარტიას გამარჯვება) გაყალბების შემთხვევაში. ანუ ხელისუფლება დადგა ალტერნატივის წინაშე: ან საკუთარი მოსახლეობისთვის უსინდისოდ ხმების მოპარვა, ამით ხალხის პროვოცირება ქუჩის მასიურ აქციებზე და შემდეგ ამ აქციების სასტიკი დარბევა - რაც იქნებოდა სრული კატასტროფა მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებისთვის; ან დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნება და არჩევნების შედეგების და დამარცხების აღიარება და ამით დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური ძალების კეთილგანწყობის შენარჩუნება. ამ დილემის და ორმაგი წნეხის ვითარებაში ხელისუფლებამ კეთილგონიერი და პრაგმატული ნაბიჯი გადადგა და ეს დასაფასებელია.

- ქართული საზოგადოება კრიტიკული იყო და არის  ხელისუფლებების მიმართ. რამოდენიმე რევოლუციის გზითაც გადააყენა, თუმცა იგი ყველა მთავრობაში სრულ და უაპელაციო ნდობას უცხადებდა საპატრიარქოს. საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია ასეთი კრიტიკული იყო მთავრობის მიმართ, რატომ არ იყენებს კრიტიკის ამ უნარს საპატრიარქოსთან მიმართებაში?

- ალბათ იმიტომ, რომ ეკლესიის ავტორიტეტი მორწმუნეებისთვის დაფუძნებულია არა მხოლოდ და არა იმდენად თავად პატრიარქზე და მოქმედ მღვდელმთავრებზე, არამედ იესო ქრისტეზე და წმინდანებზე. ვინაიდან ამ ხედვაში იესო ქრისტე და წმინდანები არიან ეკლესიის სრულიად სანდო ბურჯები, ამავე ეკლესიის მიწიერ, ხილულ ნაწილში მღვდელმთავრების შეცდომები თუ გადაცდენები იშვიათად იწვევენ უნდობლობას თავად ეკლესიისადმი.

შესაძლოა ეკლესიისადმი ასეთი ძლიერი ნდობა და მოკრძალება არ აძლევს მორწმუნეებს მღვდელმთავრების რადიკალური კრიტიკის სურვილსა და გასაქანს. თუმცა, ცხადია, კრიტიკა საჭიროა და აუცილებელიც, როცა ეკლესიის იერარქები მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან; ამის გარეშე თავად ეს იერარქები წააგებენ - დაკარგავენ ნდობას, კავშირს საზოგადოებასთან, უშნოდ გაიბღინძებიან.

დღეს ეკლესია ვერ დარჩება სამოქალაქო საზოგადოების მიღმა და ამ საზოგადოებასთან განუწყვეტელ კავშირში და დიალოგში უნდა იყოს; ეკლესია ყოველთვის და მით უმეტეს დემოკრატიის პირობებში ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. თუ ასეა, კრიტიკაც უნდა მოისმინოს და საკუთარი დარღვევების გამოსწორებაზე იზრუნოს. თუ ეკლესიამ სამოქალაქო საზოგადოებისაგან თავი გამოყო და შუაკედელი ააგო, ამით ის უღალატებს თავის ისტორიულ მისიას, რომ იყოს ქრისტეს ნათლის გამტანი საზოგადოებაში, რადგან ვერანაირ ნათელს ვერ გაიტან ხალხში, რომელსაც არ უსმენ და რომლის ენა აღარც კი გესმის. საზოგადოებაც თამამი უნდა იყოს სასულიერო პირების მხილებაში და მოკრძალების მომიზეზებით არ თქვას უარი სამართლიან აღშფოთებაზე.

სადაც საზოგადოება ღიად არ გამოხატავს სამართლიან აღშფოთებას, იქ დრაკონებმა შეიძლება გაიღვიძონ, მათ შორის ეკლესიაშიც. ამგვარ “დრაკონებს” ვხედავთ დღეს, როცა ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფებები მართლმადიდებლობის სახელით და ზოგიერთი მღვდლის ხელდასხმით ხულიგნობენ, საპატრიარქო კი ამის წინააღმდეგ ან არ გამოდის, ან ისე რბილად გამოდის, რომ ამ ექსტრემისტებსაც აქეზებს და საზოგადოებასაც უფრო აღიზიანებს.

- დასავლური ლიბერალური ღირებულებები, რომლებიც ძირითადად ქრისტიანულ პრინციპებს და მცნებებს ეფუძნება, მაინცადამაინც პოპულარული არ არის ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში. რატომ? რთული ეპოქიდან მოვდივართ და საზოგადოება მზად არ იყო მათ მისაღებად? თუ „ლიბერალიზმში“ ფარისევლებისა და მწიგნობრების სიმრავლემ გამოიწვია „ ათეიზმი ლიბერალიზმში“?

- მიუხედავად ქრისტიანობის 20 საუკუნის ისტორიისა, საქართველოში მოხდა დრამატული წყვეტა და საკუთარი ისტორიიდან ამოვარდნა, დროის კავშირის დარღვევა წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ეს დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და მთლიანად რუსეთის იმპერიას ჩამოეკიდა; ამან გამოიწვია სამოქალაქო სივრცეში სამოქმედო ძალების პარალიზება, ხელი შეუწყო უიმედობისა და ფატალიზმის განწყობებს. ილიამ და თერგდალეულებმა სცადეს ამ პარალიზებული და ინერტული მდგომარეობიდან ქართველების გამოყვანა და დაიწყეს ახალი, აქტიური მოქალაქის ევროპული გაგების კულტივირება. სამწუხაროდ კომუნისტური მმართველობის თითქმის ერთმა საუკუნემ ეს ტენდენციები კვლავ დრამატულად უკან დაწია. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველო საბჭოთა მენტალობის და საბჭოთა ინერციების მატარებელი მოქალაქეებით. აქედან, ეროვნული და რელიგიური ექსტრემიზმი, და აქედანვე სხვა უკიდურესობაც, ნიჰილისტური ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ყველაფერ ტრადიციულს დაუპირისპირდა, როგორც ობსკურანტულს და, ბიბლიური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, “ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლა”. ასეთებისთვის, მაგალითად, ეკლესიის გაშარჟება და გინება თავიანთი პროგრესულობის ლამის აუცილებელ სავაჭრო ნიშნად იქცა, რითაც, ცხადია, უფრო თავიანთ ზედაპირულობას და აზროვნების სიმჩატეს უსვამენ ხაზს.

- სეკულარიზაციის ეპოქაში, საქართველოში რატომ ხდება სრული დესეკულარიზაცია, რელიგიის შეჭრა ცხოვრების ყველა ასპექტში (განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში), რის შედეგადაც ვიღებთ ნაკურთხ მუშტებს, ნაკურთხს გინებასა და წყევლას და ა.შ. რამდენად სახიფათოა ამ ფორმითა და შინაარსით „ნაკურთხი რეალობა“?

- ვითომ ხდება რელიგიის შეჭრა ცხოვრების ყველა ასპექტში? თუ ეს ასეა, ამის მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეა. ღრმა შეგნება იმისა, რომ რელიგიის მიუხედავად თითოეული ადამიანის სიცოცხლე, უფლებები, ცხოვრების წესის არჩევანი, გემოვნება, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები არის პატივსაცემი ჯერ არ არის გამჯდარი საზოგადოებაში. შეიძლება არის შიში, რომ ვაითუ გლობალიზაციის პროცესებმა იდენტობა დაგვაკარგვინოს და იდენტობის მაცემენტირებელ მთავარ ინსტიტუტად ეკლესიას სახავენ. როდესაც ეს ხდება ინდივიდუალურ დონეზე, დიდი პრობლემა არაა. თუმცა პრობლემაა მსოფილიო პროცესების გაუაზრებელი შიში და მათგან, ასე ვთქვათ, თავის შეფარება ეკლესიაში. რადგან, ამ პროცესებში, ბევრი რამ არის ისეთი, რაც არა მხოლოდ არ უპირისპირდება ქრისტიანობას, არამედ სწორედ ქრისტიანული ფასეულობების გამოხატულებაა (აქ არ აქვს მნიშვნელობა, რომ ისინი სეკულარიზებული სახით არიან წარმოდგენილი). ასე რომ გლობალური პროცესებიდან გაქცევა სულიერადაც მავნებელია მორწმუნისთვის, რადგან რეალობასთან არაადექვატურ დამოკიდებულებაში აგდებს; ფსალმუნის გამოთქმისა არ იყოს “იქ ნახეს შიში, სადაც არ იყო შიში”. მაგრამ თუ ეს არასწორად გაგებული ტრადიციონალიზმი აგრესიულად მიმართული ხდება სხვაზე, მაშინ ვიღებთ არატოლერანტულ, ქსენოფობიურ და ათას სხვა ფობიურ საზოგადოებას.

აგრესიული ტრადიციონალისტი ქრისტიანობის სახელით ძალადობს სხვაზე და ამ დროს ქრისტიანობის მთავარ პრინციპს, მოყვასის სიყვარულს უკვე აინუნშიაც აღარ აგდებს. ნაკურთხი სიძულვილი მხოლოდ ცოდვის მიმართ სიძულვილია, ადამიანის მიმართ სიძულვილი არასდროს არის ნაკურთხი.

- “საუკეთესო მთავრობა ის არის, რომელიც ნაკლებად მართავს“– მაინც რაზე გადის გზა ხელისუფლების ნაკლები მმართველობისკენ?

- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, ადგილობრივი თემების, ერთობების, კლუბების ინიციატივებზე, ზოგადად მოსახლეობის ინიციატივაზე, რომ თავად განსაზღვროს თავის ბედი, არ დაელოდოს ყველაფერში სახელმწიფოს ჩარევას და დახმარებას. ეს აქტიური მენტალობა სკოლის პერიოდიდან უნდა დაინერგოს და განათლების სისტემის ნაწილი გახდეს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა