|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბუნდოვანი პერსპექტივა

  
 ქუთაისში, ტურიზმის  ყოფილი საინფორმაციო ცენტრი ნაგავსაყრელადაა ქცეული.   რა ბედი ელის აღნიშნულ შენობას და  როდის ექნება ქალაქს  ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი,  ამის გარკვევას „ნიუპრესი“ შეეცადა.

   ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, 2011 წელს "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას აშენდა,

რომელიც "ქართული ოცნების "  მოსვლის შემდეგ  უფუნქციოდ დარჩა. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ჩვენთან საუბარში  განმარტავს, რომ შენობა ამორტიზირებულია და გამოყენებისთვის უვარგისი.  მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში  საინფორმაციო ცენტრის განთავსება შეუძლებელია, რადგან ის არ შეესაბამება სტანდარტებს და ტურისტებისთვის მოუხერხებელია.  ჯერჯერობით უცნობია, რა საჭიროებისთვის გამოიყენებენ აღნიშნულ შენობას. იქ, ამ ეტაპზე  სრული ანტისანიტარიაა.

"ბუნებრივია,  ტურიზმის ყოფილი ცენტრი ვერ იქნება იმ დანიშნულების, რისთვისაც აშენდა. ის შენობა ტურიზმისათვის  პრაქტიკულად, გამოუსადეგარია,  მაგრამ   თვითმმართველობა უზრუნველყოფს  იმას,  რომ იქ აღარ იყოს  ნაგავსაყრელი", -  განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი,  თვითმმართველობის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. მას საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის.   დღის წესრიგში  ახალი ტურისტული ცენტრის აშენების აუცილებლობა დგას.  პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ახალი ცენტრის აშენება 2016 წლისთვის იგეგმება, რომელზეც ქალაქის თვითმმართველობა  მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

"ქალაქისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში  საუბარი არის დაახლოებით ათი-ათნახევარი მილიონი ლარის გამოყოფაზე,  რომლის  ფარგლებშიც, ერთის მხრივ, გათვალისწინებულია ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია  და მეორეს მხრივ, საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამავე  პროექტების პარალელურად,  შევძლოთ აღნიშნული თანხის ფარგლებში  ტურიზმის საინფორმაციო  ცენტრის მშენებლობა," -განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

 

მიმდინარე წელს იგეგმება  მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება,  ხოლო 2016 წლიდან  დაიწყება მშენებლობა. ტურიზმის ახალ  საინფორმაციო ცენტრში იგეგმება განახლებული ფუნქციების, ახალი სერვისების დამატება. სადაც გათვალისწინებული იქნება, გიდების მომსახურეობა, ასევე სასტუმროების დაჯავშვნა, იქნება თავისუფალი ინტერნეტ სივცრცე, ასევე ტრანსპორტირება  აეროპორტიდაც ცენტრამდე და პირიქით. ასევე  ტურისტების ტრანსპორტირება ტურისტულ ობიექტებამდე.

" ჩვენ ვგეგმავთ, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი  ჩამოვაყალიბოთ  საკმაოდ კომპლექსურად და მას მივცეთ  მრავალი ფუნქცია. ამასთანავე ვფიქრობთ, რომ  ცენტრის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ტურისტებისათვის შემოთავაზებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც შეეხება თანხებს, ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი დაპროექტებული  არ არის,  ამიტომ  თანხები შესახებ  ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ მიმდინარე წლის მანძილზე, როგორც ვივარაუდეთ,  მოსამზადებელ სამუშაოებს განვახორციელებთ და უკვე გვექნება  საშუალება ვთქვათ, თუ რა თანხა  დაიხარჯება მის  მოწყობაზე",- აღნიშნა კლდიაშვილმა.

ტურიზმის ყოფილი საინფორმაციო ცენტრზე სხვა პოზიციას აფიქსირებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათი თქმით აღნიშნული შენობა  სრულიად მოსახერხებელი იყო გამიზნული საქმიანობისთვის.

"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ყველა ბერკეტი იყო იმისა, რომ ტურისტს ნორმალურად მომსახურებოდნენ.   იქ იყო ყველაფრის საშუალება, რომ  ჩამოსულ ადამიანს  ყველა ინფორმაცია  მიეღო,  რაც ხდებოდა ქალაქში, ღირსშესანიშნაობებით  დაწყებული და   კულტურული  ღონისძიებებით  დამთავრებული. უბრალოდ, ამ უნიათო მთავრობამ  ვერ გაამართა.  აშენებული ტუალეტი ვერ გამართეს  და რა ტურიზმზეა საუბარი“, -  განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის"  წევრმა გია უკლებამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესო ბრეგაძის თქმით, ადგილობეივ ხელისუფლებას პრობლემა მართვასთან დაკავშირებით აქვს. მისი თქმით, მერიამ ჯერ თანადაფინანსებისათვის საჭირო სესხის დამტკიცებაზე თანხმობა მოითხოვა, ხოლო შემდეგ დაიწყო ამ თანხის მიზნობრიობის გარკვევა.  "საკრებულოს სხდომაზე შემოგვიტანეს კანონპროექტი, რომელიც  გულისხმობდა გრძელვადიან სესხებს მსოფლიო ბანკიდან, ამ  თანხიდან 5 მილიონი ლარი ნიკეას ქუჩის, ხოლო დანარჩენი ტურისტული ცენტრისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის უნდა გადანაწილდეს.   როცა ჩვენ უკვე თანხმობა მივეცით, რომ ათმილიონიანი სესხი აეღო ქალაქს, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე  დაიწყეს გარკვევა,  როგორ  უნდა გადანაწილებულიყო ეს თანხა ტურიზმისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის. აქ მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი დაგეგმვა, გუშინ თანხმობა მივეცით მერს სესხის აღებაზე და დღეს უნდა გავიგოთ, რა ჯდება  მშენებლობა.  ანუ, ჯერ ვიღებთ სესხს და მერე ვანგარიშობთ რამდენი გვჭირდება? ეს არის სრული უაზრობა", - ანაცხადა ბრეგაძემ.

ამ დროისათვის გარკვეული არაა, რა თანხა იქნება საჭირო ახალი ცენტრის ასაშენებლად, ჯერჯერობით არც პროექტი არსებობს და არც ადგილია შერჩეული. შესაბამისად, როდის ექნება ქალაქს ახალი ტურისტული ცენტრი,  ამის განსაზღვრა, რთულია.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი