რა თანხას იხდის ქალაქი ა(ა)იპების შესანახად?
ვიდრე მთავრობა არკვევს, „ქამარი წელზე შემოიჭიროს, თუ ყელზე“, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებსა და პრემიებზე იხარჯება.
მართალია, პრემიების ახალ სისტემაზე გადავიდა, მაგრამ ქუთაისის
თვითმმართველობას ბრალს პარტიული აქტივისტების
დასაქმებაში სდებენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიაში რეორგანიზაცია ორჯერ ჩატარდა,
თუმცა ორივე შემთხვევაში გატარებულმა ცვლილებებმა კითხვის ნიშნები დატოვა. როგორც ოპოზიციურად
განწყობილი ადამიანები აღნიშნავდნენ, რეორგანიზაცია მოჩვენებითი იყო და რეალურად, შტატები
შემცირების ნაცვლად გაიზარდა. თვითმმართველობაში დასაქმებულთა დიდმა ნაწილმა მერიის
დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპებში გადაინაცვლა.
ამის შესახებ საუბრობს
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. როგორც მეფარიშვილმა „ახალ გაზეთთან“ განაცხადა, მერიაში კადრების შესამცირებლად
დაწყებული რეორგანიზაციას კადრების ა(ა)იპებში
გაწოვა მოყვა. მისივე თქმით, ა(ა)იპების ბიუჯეტის 80 % სახელფასო ფონდს ხმარდება.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში
არსებული 8 ა(ა)იპიდან ადგილობრივ ხელისუფლებას უმეტესობა მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებისაგან
ერგო. დასუფთავების სამსახური ა(ა)იპად კი გასულ წელს გადაკეთდა. კითხვები ჩნდება რამდენიმე
აიპის ფუნქციასთან დაკავშირებით. კონკრეტულად
კი, რა საჭიროა კულტურის და სპორტის ააიპი, როდესაც მერიაში კულტურის, სპორტის, განათლების,
ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახური არსებობს.
ა(ა)იპებში შტატების
გაზრდასა და პარტიული ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი
დავით გოგისვანიძე და აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში წინა ხელისუფლებში დროს გაცილებით
კომპეტენტური კადრები მუშაობდნენ.
„ხელისუფლებაში ჩვენი
ყოფნის დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება სპორტული და კულტურულ დაწესებულებათა
ა(ა)იპის შექმნის, შტატები არ დამატებულა.
უბრალოდ, არსებული სპორტული დაწესებულებები, ისევე როგორც სახელოვნებო, გაერთიანდა
და აიპის სახით ჩამოყალიბდა. ისინი იყვნენ
დოტაციურ დაფინასებაზე და სუფსიდიებს მერიისგან იღებდნენ. სპორტულ სკოლებს ჰყავდათ
ერთი ხელმძღვანელი და ვფიქრობ, ამ ქმედებით კორუფციაც აღმოვფხვერით. ეს იყო ერთი დაწესებულება, ერთი ანგარიშით, ყველაფერი
გამჭვირვალედ ხდებოდა და კონტროლირებადი იყო. მიუხედავად ამისა, იმ დროს ოპოზიცია გვაკრიტიკებდა
და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში გვადანაშაულებდა. ახლა კი გაცილებით მეტი ადამიანი
მუშაობს, კადრები მართლაც გაბერილია და მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ა(ა)იპების სახით
„ქართულმა ოცნობამ“ აქტივისტების დასაქმების ადგილი იპოვა“, –აღნიშნავს გოგისვანიძე.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე კონკურსის ხარისხსაც ეხება, მისი თქმით,
მათ მიერ ჩატარებული კონკური ნდობას არ იმსახურებს. „ის ფაქტი, რომ ა(ა)იპებში კონკურის არ ტარდება,
არაფერს ცვლის, რადგან ზოგადად, კონკურსს არ ვენდობი და მერიაში ჩატარებულმა კონკურსმა
ჩემი უნდობლობა კიდევ ერთხელ გაამართლა. ყველა ადამიანი, რომელი ჩვენს დროს აღმასრულებელ
ხელისუფლებაში, საკრებულოსა თუ სხვა სამსახურებში მუშაობდა და რომლებიც ორგანიზაციის
ერთგული დარჩა, უკლებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მიუხედავად მაღალი ქულებისა.
გასაუბრებაზე პირდაპირ აძლევდნენ კითხვას,
იყვენენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ან მხარდამჭერი. ჩვენს დროს მერია გაცილებით კომპეტენტური კადრებით
იყო დაკომპლექტებული, ვიდრე ახლაა,“–აღნიშნავს გოგისვანიძე.
აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება საკრებულოს „რესპუბლიკელი“
დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც ა(ა)იპებში, წამყვან თანამდებობებზე სწორედ „ნაციონალების“
ყოფნას აპროტესტებს, როგორც ქათამაძე აღნიშნავს, გაერთიანებების ხელმძღვანელად ის ადამიანები
არ უნდა იმყოფებოდნენ, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციონერების დევნით
იყვნენ დაკავებულები.
„რაც შეეხება ზოგადად
ა(ა)იპებს, წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, რომ გასაუქმებელი იყო, რადგან ვერ გახდა იმ ფუნქციის
მატარებელი, რისთვისაც შეიქმნა. საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ წამოვჭერი საკითხი კონკრეტული აიპის ხელმძღვანელების საქმიანობის შესახებ.
ერთ–ერთი იყო „ბოტანიკური ბაღის“ დირეტორი
ამირან ხვადაგიანი. ის ჩემთვის ვერასოდეს იქნება
ა(ა)იპის წარმატებული ხელმძღვანელი. აქ პიროვნული
დამოკიდებულება არაფერი შუაშია. ის, უბრალოდ, წინახელისუფლების გადმონაშთია და კარგად
მახსოვს, რას აკეთებდა, ისევე, როგორც ლადო პატარიძე. პატარიძე ჩემს შესახებ დეტალურ
ინფორმაციას აწვდიდა უშიშროებას და ოპოზიციურ პარტიებს ხელს უშლიდა. ა(ა)იპებში დიდი ხარვეზებია
და აუცილებლად უნდა იზრუნოს ამაზე ხელისუფლებამ. ბევრი ადამიანი რეალურად არ დადის
სამსახურში და სოლიდურ ხელფასს იღებს. თუ მათი მუშაობა სჭირდება ა(ა)იპს, მაშინ რატომ
არ დადიან სამსახურში და თუ არაფერს აკეთებენ, რატომ ვაზარალებთ ბიუჯეტს? იმედია, მერიაში
კონკურსის დასრულების შემდეგ ხელისუფლება ა(ა)იპებსაც მიხედავს და აღმოფხვრის იმ ხარვეზებს,
რაც არის. რაც შეეხება ყოფილი გუბერნატორის შენიშვნას გაბერილ შტატებთან დაკავშირებით,
მინდა ვთქვა, რომ მისი წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ზუსტად იმდენი ადამიანი
მუშაობს, რამდენიც მუშაობდა. თუ ამის შესახებ
ჰქონდა ინფორმაცია, ამაზე პოსტზე ყოფნის დროს უნდა ეზრუნა“,–აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
იმ ფაქტს, რომ ა(ა)იპებში
„ყოფილი ნაციონალები“, ან მათი მხარდამჭერები მუშაობენ, არ ადასტურებს ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით,
წინა ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები მაღალ თანამდებობებზე არ იმყოფებიან, მურღულია ა(ა)პებში შტატების გაზრდის ფაქტსაც უარყოფს.
„ ყოფილი გუბერნატორი არ იტყოდა, რომ ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა,
რადგან მან ზუსტად იცოდა, კონკრეტულად სპორტის ა(ა)იპში დასაქმებულთა რიცხვი რამდენითაც
შემცირდა. რაც შეეხება „ნაციონალებს“, მჯერა, რომ ისინი ამ განცხადებას გააკეთებდნენ.
თუმცა, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რიცხვი არ გაზრდილა. ასევე ა(ა)იპების ხელმძღვანელთა პოზიციებს „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრები არ იკავებენ“,–აღნიშნა მურღულიამ.
მერის განცხადების განსხვავებულობაზე მეტყველებს ა(ა)იპებში ხელმძღვანელთა ბიოგრაფიები,
რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალი თანამდებობები ეჭირათ.
„კულტურულ დაწესებულებათა
გაერთიანების“ ხელმძღვანელი ლადო პატარიძე გასულ წლებში არაერთ წამყვან პოზიციაზე ინიშნებოდა,
მათ შორის იყო განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი. "ბოტანიკური ბაღის" დირექტორი
ამირან ხვადაგიანი, რამდენიმე წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იჭერდა.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის პოსტზე იმყოფებოდა "მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის" დირქტორი გიზო თავაძე.
„ნაციონალებთან“, კერძოდ კი ყოფილ მერთან, გია თევდორაძესთან ახლო მეგობრობას დღემდე ახსენებენ "ყინულის მოედნის" დირქტორს გივი ფანჩულიძეს. მაღალ თამამდებობებს იკავებდა „სპორტულ
დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძვანელი სოსო გაბრიჭიძე. წინა ხელისუფლების დროს
სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის მერიის
საბინაო სამსახურის უფროსი პოსტზე მუშაობდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზ
ჩოგოვაძე.
დავინტესდით, დაგვედგინა
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპებში რეალურად რამდენი ადამიანი მუშაობს, რამდენია
აიპების ბიუჯეტი და სახელფასო ფონდზე რამდენი ირიცხება. აღმოჩნდა, რომ 7 ა(ა)იპის ბიუჯეტი
საკმაოდ სოლიდურია, რომელთა თითქმის 80% კი ხელფასებზე მოდის. დასუფთავების ა(ა)იპიდან
საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
„ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანების“ წლიური ბიუჯეტი 3 412 300 ლარია, აქედან სახელფასო ფონდზე
2 030 000 ლარი მოდის. გაერთიანების საშტატო ერთეული 453 თანამშრომლით განისაზღვრება. გაერთიანებას საკუთარი შემოსავალიც აქვს, რაც
2014 წელს 11 000 ლარს შეადგენდა, თუმცა წელს გაცილებით ნაკლებ თანხას ელოდებიან.
„კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ბიუჯეტი 2 611 000 ლარს
შეადგენს, სახელფასო ფონდი 2 400 000 ლარია. გაერთიანებაში 664 თანამშრომელი
ირიცხება.
„ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ბიუჯეტი 8
200 000 ლარია, 5 309 900 სახელფასო ფონდით
და 1577 თანამშრომლით.
მერიის დაფინასზებაზეა ქუთაისის „ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო
ბიბლიოთეკა“, რომლის ბიუჯეტიც 660 000 ლარია, საიდანაც სახელფასო ფონდს
584 200 ლარი შეადგენს. ბიბლიოთეკას 135 ადამიანი ემსახურება. მისი შემოსავალი
15 000 ლარს შეადგენს.
380 000 ლარია „ყინულის მოედნის“ ბიუჯეტი, სახელფასო ფონდზე
216 000 ლარი მოდის. მოედანს 23 თანამშრომელი ჰყავს.
„ბოტანიკური ბაღის“ ბიუჯეტი 320 000 ლარს შეადგებს, 220 000
ლარით და 35 თანამშრომლით, ბიუჯეტს არასტაბილური საკუთარი შემოსავალი აქვს.
195 000 ლარია „მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის“ ბიუჯეტი, საიდანაც
121 000 სახელფასო ფონდია. პარკს 22 თანამშრომელი ჰყავს. საკუთარი შემოსავალი
5–6 ლარამდე მერყეობს.
ჯამში 7 ა(ა)იპის ბიუჯეტი 15 778 300 ლარს შეადგენს, სახელფასო ფონდი
კი 10 მლნ 881 100 ლარია, თანამშრომელთა საერთო რაოდენობა კი 2909. როგორც მონაცემებით ირკვევა, ა(ა) იპების ბიუჯეტი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
(47 მლნ 555 400 ლარი) საკმაოდ სოლიდური ნაწილს წარმოადგენს. სახელფასოს ფონდს
გარდა დარჩენილი თანხა ინვენტარიზაციას, მივლინებებს და სხვა სამუშაოებს ხმარდება.
თუმცა ამის პარალელურად, სახელოვნებო და სპორტულ
გაერთიანებათა დარბაზების მდგომარეობა უმეტესწილად კრიტიკას ვერ უძლებენ და საჭირო ინვენტარის
პრობლემას განიცდიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი