როგორ ისჯებოდნენ ქუთაისელი მძღოლები სამართალდამცავების მხრიდან [Video]
ქუთაისელი
მძღოლები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონობაზე ალაპარაკდნენ. მათი
განცხადებით, მძღოლების კუთვნილი მართვის მოწმობები უკვე წელიწადნახევარია საპატრულო პოლიციაში ინახება. საბუთების არ ქონის გამო, კი მძღოლებს მიკროავტობუსის სამართავად სხვა პირის დაქირავება და დამატებითი ხარჯების გაწევა უწევთ.
ქუთაისელი მძღოლების მიერ საბუთების დაკარგვა გასული წლის მაისის აქციებს უკავშირდება. რომელსაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაერთიანებული ოპოზიცია მართავდა. იმ პერიოდში, არსებული ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა მძღოლების დაშინების მიზნით, რომ ამ უკანასკნელებს თბილისში, აქციაზე დასწრების მსურველი პირების გადაყვანაზე უარი ეთქვათ. მაშინ მძღოლების ნაწილს სატრანსპორტო საშუალებები ჩამოართვეს, ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილს 3-წლიანი გაფრთხილება (ე.წ. „ლიშენია") მისცეს, დარჩენილი ნაწილი კი მართვის მოწმობების გარეშე დატოვეს.
ძალოვნებისგან
დაზარალებულ მძღოლთაგან ერთ–ერთი, ქუთაისელი
მერაბ როხვაძეა. მან დასახმარებლად newpress.ge–ის რედაქციას მომართა.
როგორც
როხვაძე განმარტავს, მას საკუთარი საცხოვრებელი ბინის წინ, ქუთაისის პოლიციის მე–3 რაიონული განყოფილების
წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოუწყვეს. რის შემდეგ იგი საპატრულო პოლიციამ დააკავა
და მართვის მოწმობა კანონდარღვევის გარეშე ჩამოართვა. ხოლო მისი კუთვნილი ავტომობილი
საპატრულოს თანამშრომლებმა, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.
,,ყოველგვარი
კანონდარღვევის გარეშე დამაკავეს და მართვის მოწმობა შეგნებულად წამართვეს. როგორც
თავად აწყობდათ ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს.
ეს იმიტომ, რომ მე და ჩემნაირები მაგალითი ვყოფილიყავით სხვებისთვის და იმ სხვებს აღარ
არ გაებედათ თბილისში გამართულ აქციაზე ქუთაისიდან ხალხის გადაყვანა“, – ამბობს დაზარალებული მძღოლი.
აღნიშნული ფაქტების შესახებ, ქუთაისელი მძღოლები, ამ დრომდე დუმილს არჩევდნენ. დღევანდელ თამამ განცხადებებს კი, როგორც თავად განმარტავენ, შეცვლილი ხელისუფლების იმედად აკეთებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია