|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა

საიამ 2014-2015 წლებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრა ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც სტუდენტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
რიგით 7 მონიტორინგი ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში განხორციელდა. საიამ დაკვირვება 1101 სხდომაზე მოახდინა. კვლევის მიხედვით, სხვა წლებთან შედარებით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სერიოზული წინსვლა შეინიშნება, თუმცა რჩება რიგი პრობლემების.
 ამ პერიოდში 6 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოსამართლემ უკანონოდ ცნო პირის დაკავების ოქმი და იგი სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 60%-დან 55 %-მდე შემცირდა იმ ბრალდებულთა რაოდენობა, რომელთა მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოცხადება კი პირიქით, 37%-დან 42 %-მდე გაიზარდა. შემთხზვევების 73%, როცა პროკურატურამ გირაო მოითხოვა, სასამართლომ შეამცირა გირაოს ოდენობა.
როგორც საიას აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ განაცხადა, ყველაზე პრობლემატურ საკითხად კვლავ დაცვის მხარე რჩება. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში დაცვა პროცესზე მოუმზადებელი მიდის. "ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაცვის მხარეს შეშლია ბრალდებულის სახელი და გვარი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ იცნობს საქმეს და სასამართლო პროცესზე ეცნობა. მსგავსი პრობლემები, სამწუხაროდ, ისევ არსებობს, თუმცა, ზოგადად, პროგრესი აღინიშნება", -განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ.
 აღნიშნული პრობლემა ქუთაისის სასამართლოებშიც შეინიშნება, თუმცა ყველაზე პრობლემურია წინასასამართლო სხდომებია, სადაც იხილება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. 

"ამ კუთხით იგრძნობა სასამართლოს სისუსტეც, მაგრამ განსაკუთებით სუსტია დაცვის მხარე. ბრალდება არის ვალდებული ამტკიცოს თავის მტკიცებულებების დასაშვებობა და შესაბამისად, საასმართლომდე უნდა შეამოწმოს რამდენად დაასაბუთა ბრალდებამ ეს მხარე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ პრაქტიკა ნაკლებია. რაც შეეხება დაცვას, გაცილებით პასიურია, რადგან უმეტეს შემთხვევაში არ აყენებს შუამდგომლობას. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დაცვას საერთოდ არ დაუყენებია მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა, მაგრამ სასამართლომ ცნო და თვითონ ადვოკატი გაკვირვებული დარჩა. ასეთი შემთხვევებით დაცვის მხარე ხშირად სცოდავს ხოლმე. 2012 წლიდან დადებითი ტენდენცია რაც აღინიშნება და თვალში საცემია, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიებებია. ზოგადად, პროგრესი აღინიშნება",-განაცხადა "საიას" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი