რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს 7,5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბაქოს სასამართლომ დღეს, 1 სექტემბერს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ისმაილოვა დამნაშავედ ცნეს უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. ამავე დროს, ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლში.
აზერბაიჯანის პროკურატურა დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვასთვის ბაქოს სასამართლოსგან 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პროცესზე ბრალდებულს სიტყვა მისცეს, თუმცა მისი შინაარსის გამო მოსამართლემ საუბარი არ დაასრულებინა. თავის სიტყვაში ჟურნალისტი პროკურატურის მიერ საქმის მასალების ფალსიფიცირებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობდა.
ავტორი: ნიუპრესი