|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის "ნაციონალ–მეოცნებე" კანდიდატმა ბურჯანაძის კადრი გადაფარა

1 აპრილს, მივლინებიდან დაბრუნებულ ქუთაისის მოქმედ მერს, ბესიკ ბრეგაძეს შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუხდეს.

 "ოცნება"– "ნაციონალების" ტანდემი ქალაქის ჩაბარებას სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა გიორგაძისათვის გეგმავს.

განიხილება მეორე კანდიდატი – ბაკურ ბალანჩივაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის კადრად მოიაზრება და რომელსაც ქალაქის მერის სავარძალი ერთხელ უკვე ეკავა.

ცნობილი ხდება, რომ ევროპაში სამშენებლო მასალების გამოფენაზე მყოფი ბრეგაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებას მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს.

მანამდე კი "ნაციონალებმა" და "ოცნებამ"   ბრეგაძის შემცვლელი  "კოჰაბიტაციის" წყალობით იპოვეს.

როგორც ცნობილი ხდება, ბესიკ ბრეგაძის გიგა გიორგაძით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მხარეებმა სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის კაბინეტში მიიღეს.

მოლაპარაკებებში  იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი გიგა შუშანია და უშიშროების თანამშრომელი გია გრძელიძე  მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი გიორგაძის ახლობელია.

სუბარის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება გიგა შუშანიას უნდა განეხორციელებინა, თუმცა ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს ქალაქის საკრებულოში სათანაო გავლენა არ აღმოაჩნდა. ამიტომ, ქუთაისისათვის ახალი მერის დანიშვნის საქმეში იმერეთის მოქმედი ვიცე–გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე ჩაერთო, რომელიც ადგილობრივ  თვითმმართველობაში საკადრო წმენდის განმახორციელებლად მოიაზრება.

ქუთაისის მერობის ახალი კანდიდატი გიგა გიორგაძე მის შესაძლო მერობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც გიორგაძე აცხადებს, ის ქუთაისელია და ქალაქს ნებისმიერი პოზიციიდან უგულშემატკივრებს.

მერის შესარჩევად მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობას უარყოფს ყოფილი ვიცე–გუბერნატორი და მას მოქმედი ვიცე–გუბერნატორის შურისძიებას უწოდებს.

გიგა შუშანია თქმით, სოზარ სუბარს ის ბოლოს 10 წლის წინ შეხვდა, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა.

როგორც  შუშანია აცხადებს, ის ამჟამად არასამთავრობო სექტორში საქმიანობს,  ქალაქის საკრებულოში გავლენა არ აქვს და მერთან დაკავშირებული  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერანაირ მონაწილეობას  ვერ  მიიღებს, აზრის გამოხატვის გარდა.

"ეგ ყველაფერი არის ჭორი და გოჩა თევდორაძის მოგონილი. როდესაც მე თანამდებობაზე ვიყავი, თევდორაძეს რამდენჯერმე უკანონოდ უნდოდა მიწის ყიდვა, რაზეც მე უარი ვუთხარი. ახლა ცდილობს ჩემზე შურისძიებას," – ამბობს შუშანია.

გოჩა თევდორაძის მიმართ არსებულ შეკითხვეზე პასუხების გაცემა ამ დროდმე ვერ ხერხდება, ის სატელეფონი ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება გასულ პერიოდს, გოჩა თევდორაძეს ნეწპრესს-სთან საუბარში არაერთხეულ უთქვამს, რომ თვითმმართველობაში არსებული სიტუაცია მისთვის სულერთი არ არის, თუმცა ქალაქის მერის შეცვლის საკითხი არა მისი, არამდე საკრებულოს პრეროგატივაა.

აღსანიშნავია, რომ გიგა გიორგაძემდე ქუთაისის მერის პოსტზე ქალაქის ყოფილი მერის, ბაკურ ბალნჩივაძის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც ნინო ბურჯანაძის კადრია. (ბაკურ ბალანჩივაძე მერის თანამდებობიდან 2007 წელს, 48 000 ლარიანი ავტომანქანის შესყიდვის  გამო გაათავისუფლეს).

ბაკურ ბალანჩივაძეს ქალაქის პირველი პირის სავარძლის დასაკავებლად  ბურჯანაძე და მისი გუნდი ქუთაისში, დღემდე გულშემატკივრობს. შიდა წრეებში ისინი ბალანჩივაძეს ქუთაისის მერად უკვე მოიაზრებენ.

გარდა ამისა, ბალანჩივაძის კადრის დასახელებისას,  ცნობილი გახდა, რომ მისი  კანდიდატურა ქუთაისის მაჟორიტარს გუბაზ სანიკიძესა და ვიცე–გუბერნატორ გოჩა თევდორაძეს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეირჩა.

ქუთაისის მერობის შესაძლო კანდიდატების დაანონსებასა და მათ შერჩევას "ოცნება"–"ნაციონალებს" შორის მოლაპარაკებების შედეგად, არადემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის" წარმომადგენელი მანანა მანაგაძე.

"კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ"  ცალსახად არეგულირებს ქალაქის მერის დანიშვნის წესს. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიღაცა მოდის და აცხადებს, რომ ქალაქის მერის საკითხი უკვე გადაწყვეტილია  ზემოთ, თბილისში.  ვინც არ უნდა იყოს ის, რამდენადაც კარგი კანდიდატურა არ უნდა იყოს, ეს ქალაქის შეურაცხყოფაა. ჩვენ ველოდებით  ქალაქის მერის  დაბრუნებას, უფრო სწორედ არ დაბრუნებას  მის არსებულ პოზიციაზე. იმედს გამოვთქვამ, მას ეყოფა გონიერება,  დაწერს განცხადებას და დაემშვიდობება ქალაქის მერის სავარძელს, რომელიც თავის დროზე ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით დაიკავა," – ამბობს მანანა მანაგაძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას ამ ეპატზე ქალაქის მერობის გამოკვეთილი კანდიდატი არ ჰყავს.  თუმცა, თავად მანანა მანაგაძე, არსებული ინფორმაციით,  ბაკურ ბალანჩივაძეს „გულშემატკივრობს“.

„კოალიცია აპირებს ჩაერთოს იმ კომისიის მუშაობაში, რომელმაც ქალაქის ახალი მერი კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს,“ – აცხადებს მანანა მანაგაძე.

ქალაქის საკრებულოში კი მოქმედი მერისათვის უნდობლობის გამოცხადებას არ აპირებენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ამის საჭიროება არ დგას, რადგან მერი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ თანამდებობაზე გაჩერებას თავადაც არ აპირებს.

ქალაქის მერის ცვლილებასთან  დაკავშირებულ ინფორმაციას მოარულ ხმებსა და ჭორაობას უწოდებენ ქუთაისის მერიაში. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ქალაქს ჰყავს მერი და მისი ცვლილების კუთხით ოფიციალურად არაფერი ხდება.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა