|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობით მიღებული წილები ბიზნესში [მეორე ნაწილი]

დამალული ქონება,  საკუთარი და სხვისი სახელით წარმოებული ბიზნესი და კორუფციული სქემები სატრანსპორტო სფეროში წილების მისაღებად – ასეთ მეთოდებს ქუთაისელ ჩინოვნიკთა ნაწილი დღემდე მიმართავს.

ვინ როგორ იყენებს თანამდებობას ქუთაისში და რა გზით ცდილობენ ადგილობრივი ჩინოვნიკები წილების მიღებას? „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტური გამოძიება აღნიშნული კითხვებით ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების ბიზნეს ინტერესების კვალზე გავიდა.

(მეორე ნაწილი)

დამალული უძრავი ქონება

ტრანსპორტის სფერო არ არის ერთადერთი, რომელშიც ქუთაისელი ჩინოვნიკების ინტერესები ფიქსირდება.  ისინი, ასევე ქუთაისში ფლობენ უძრავ ქონებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში დეკლარაციაში არ არის ასახული.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2011 წლამდე) ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით არაერთი უძრავი ქონება აქვს შეძენილი. თუმცა ისინი, გოჩა თევდორაძის ქონებრივ დეკლარაციაში (შევსებული 2012 წლის 14 მაისს) არსად ფიგურირებს.

„იქნებ მიმაგნებინოს ვინმემ ასეთ ქონებას და აუცილებლად შევიტან დეკლარაციაში", - აცხადებს გოჩა თევდორაძე.

თევდორაძის ქონებრივ დეკლარაციაში არასახულ უძრავ ქონებას „ახალმა გაზეთმა" მიაკვლია.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გოჩა თევდორაძეს 2011 წელს შეძენილი აქვს 640 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე (ავტოქარხანა). აღნიშნული ქონება თევდორაძეს თანასაკუთრებაში აქვს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თამაზ მარგველაშვილთან. მარგველაშვილი 640 კვ.მ ფართობიდან 44 კვ.მ ფლობს, დანარჩენი კი თევდორაძის საკუთრებაშია, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული.

ასევე, დეკლარაციაში არ გვხვდება თევდორაძის მიერ ქუთაისში შეძენილი სხვა უძრავი ქონება. მათ შორის არის: ვარლამიშვილის №1-ში მდებარე ფართი (სადაც „სლოტ კლუბი" იყო განთავსებული), რომელიც 2010 წლის ივნისში აქვს შეძენილი. ასევე, 2010 წლის ივნისში, თევდორაძემ 1070 კვ.მ ფართი შეიძინა ირაკლი აბაშიძის №17-ის დასავლეთით (პარლამენტის მიმდებარედ). დეკლარაციაში არც ჭავჭავაძის გამზირზე შეძენილი ფართი ასახულა (ავტოსადგომი - 2-ის სამხრეთით არსებული 78 კვ.მ ნაკვეთი).

წილები მშენებლობაში

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გოჩა თევდორაძის სახელს, მიმდინარე მშენებლობა და მშენებელი კომპანიის ლობირებაც უკავშირდება.

საუბარი ეხება შპს „იბერიის ვარსკვლავს", რომელიც ჭავჭავაძეზე (ცენტრალური ავტოვაგზლის გვერდით) სავაჭრო ცეტრს აშენებს.

აღნიშნული კომპანიის 24.5% გოჩა თვედორაძის ახლო ნათესავს (ცოლის ძმა) ხვიჩა ღონღაძეს ეკთვნის. კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ხვიჩა ღონღაძეს „იბერიის ვარსკვლავის" ერთპიროვნული მფლობელისგან (100%-იანი წილი -  დავით კოსტავა) 24.5%-იანი წილი 2008 წლის თებერვალში 73 ლარად აქვს შეძენილი.

ღონღაძესთან გოჩა თვედორაძის ნათესაურ კავშირს, ამ უკანასკნელთან კარგ მეგობრობას და თევდორაძის მიერ კომპანიის ლობირებას ადასტურებს „იბერიის ვარსკვლავის" დირექტორი დავით კოსტავა. თუმცა კოსტავა აცხადებს, რომ თევდორაძის ლობირებამ მას ვერაფერი გაუკეთა.

საქმე ეხება 2007 წელს, „იბერიის ვარსკვლავის" მიერ, ჭავჭავაძის გამზირზე ფართის მიღებისა და ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობის საკითხს. აღნიშნული ფართის გასხვისების წინააღმდეგი მაშინდელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიგა შუშანია იყო. რომელმაც, 2007 წელს კომპანიისათვის ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. გიგა შუშანია თვლის, რომ კომპანიის მოთხოვნაში კორუფციული გარიგებების ნიშნები იყო, რადგან „იბერიის ვარსკვლავისათვის" ფართის გადაცემას მას გოჩა თევდორაძე თხოვდა.

ჭავჭავაძის გამზირზე კომპანიისათვის ფართის უსასყიდლოდ გადაცემა ქალაქის მერად ნუგზარ შამუგიას დანიშვნა შემდეგ (2007 წელი) მოხდა. სწორედ ფართის გადაცემიდან ძალიან მალე, კომპანიის 24.5% გოჩა თევდორაძის ნათესავის საკუთრებაში აღმოჩნდა.

„2007 წელს ჩემთან შემოვიდა „იბერიის ვარსკვლავის" დოკუმენტი, რომლითაც კომპანია ითხოვდა, ჭავჭავაძის გამზირზე, სადგურის მთელი ტერიტორიის უფასოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემას.  ამის სანაცვლოდ, პირობას დებდა, რომ 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.  თუმცა, ფართის მოთხოვნის პერიოდში „იბერიის ვარსკვლავი" რამდენიმე თვის შექმნილი იყო, რომელსაც 300 ლარი ქონდა საწესდებო კაპიტალი. ამიტომ, მიმაჩნდა, რომ მათი მოთხოვნა შეიცავდა კორუფციული გარიგებების ელემენტებს, რომელსაც ლობირებდა გოჩა თევდორაძე. ამიტომ, არ გამოვეცი ბრძანება მიწის გადაცემის თაობაზე. თუმცა, ძალიან მალე, ნუგზარ შამუგიას მერად დანიშვნის შემდეგ, მიწის ნაწილი გადაეცა „იბერიის ვარსკვლავს". ვთვლი, რომ ამ ქმედებით, ბიუჯეტმა ძალიან იზარალა. რადგან აღნიშნული ტერიტორია საუკეთესო მიწა იყო იმ პერიოდში და შესაძლებელი იყო, აუქციონის გზით, საკმაოდ ძვირად გაყიდულიყო. „იბერიის ვარსკვლავმა" კი მიწა, უსასყიდლოდ, იჯარით მიიღო," - აცხადებს გიგა შუშანია.

„იბერიის ვარსკვლავის" დირექტორი, დავით კოსტავა კი თავად გიგა შუშანიას ადანაშაულებს სამშენებლო კომპანიის ლობირებაში. ამჯერად, საუბარი ეხება შპს „კომფორტს", რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გია თევდორაძესა და მის ძმას ეკუთვნოდა. ხოლო, 2012 წლის ბოლომდე კომპანიის მფლობელი ქუთაისის ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძე გახლდათ. ბრეგაძემ კომპანიის წილი ქალაქის მერად დანიშვნის გამო (2012 წლის 8 ოქტომბერი) დათმო. სამშენებლო კომპანია „კომფორტი" ჭავჭავაძის გამზირზე, „იბერიის ვარსკვლავის" კუთვნილი სავაჭრო ცენტრის გვერდით, ცენტრალური ავტოვაგზლის მშენებლობას უკვე წლებია ახორციელებს.

ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ფართებთან დაკავშირებით, ჩინოვნიკებთან დაახლოებული კიდევ ერთი პირის ინტერესი იკვეთება. გოდერძი ქასრაშვილს (ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი) ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგურის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ტერიტორია და გზის მონაკვეთი 2009 წელს, ადგილობრივი თითმმართველობისგან, 5 წლიანი იჯარით აქვს აღებული, შპს „პარკინგ ჰოლდინგის" სახელით.

„პარკინ ჰოლდინგი" პარკირების ადგილებს ფლობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილშიც. კომპანიის დირექტორი გოდერძი ქასრაშვილია, რომლის 100%-იან წილს ლიანა დოღონაძე ფლობს. (შპს „ავტოტრანსკორპორაციის" 30%-იანი წილის მფლობელი - კახაბერ ნემსიწვერიძესთან დაახლოებული კომპანია).

„პარკინგ ჰოლდინგის" მიერ იჯარით აღებულ პარკირების ადგილებს შორის არის, ქალაქის ცენტრში, წმ. ნინოს №25-27-ის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია.

აღნიშნულ ადგილას მყოფი პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ტერიტორია კახაბერ ნემსიწვერიძეს ეკუთვნის. თავის მხრივ „პარკინ ჰოლდინგის" დირექტორი კახაბერ ნემსიწვერიძესთან დაახლოებული პირია.

თანამდებობით გაცემული მშენებლობის ნებართვები

კახაბერ ნემსიწვერიძისა და გოჩა თევდორაძის სახელს, ასევე უკავშირდება,  ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ (ჭომის დასაწყისში) სასტუმროების მშენებლობა.

დავით და კონსტანტინეს №13გ-ში (ერთმანეთის გვერდიგვერდ) ამჟამად ორი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ სასტუმროს კახაბერ ნემსიწვერიძე აშენებს.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ობიექტის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, მალევე შეჩერდა. მშენებლობის შეჩერება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს დაემთხვა. მაშინ ნემსიწვერიძე თავის ახლობლებთან საუბარში ამბობდა, რომ მშენებლობა ფინანსების გამო გააჩერა. თუმცა, როგორც ირკვევა, მშენებლობის შეჩერება ნებართვის გაუცემლობის გამო მოხდა. რომელსაც, მოთხოვნის მიუხედავად, მერია არ გასცემდა.

დავით და კონსტანტინეს №13გ-ში მშენებლობის ნებართვის გაცემა, არჩევნების შემდეგ, ვიცე-გუბერნატორად გოჩა თევდორაძის დანიშვნიდან რამდენიმე თვეში  მოხდა, მისი ვიცე-გუბერნატორობის პერიოდში.

მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვების ნუსხაში აღნიშნულია, რომ დავით და კონსტანტინეს №13 გ-ში ორ სხვადასხვა კერძო პირზე (კუპრავა ნოდარი, სულიკო სალარიძე) ორი სასტუმროს მშენებლობის მიზნით გაიცა ნებართვები 2013 წლის 20 მარტს. გოჩა თევდორაძე მისი მითითებით მშენებლობის ნებართვების გაცემას უარყოფს.

„მე რომ ვიცე-გუბერნატორი ვიყავი, იმდენ ხანს ადამიანი წყალში ჩაყვინული ძლებს," - აცხადებს გოჩა თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გოჩა თევდორაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსულმა გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, რომ მასთან კითხვები ქუთაისში გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით ჰქონდათ. დაკითხვიდან რამდენიმე კვირაში (2013 წლის 5 მაისი) თევდორაძემ ახალ პოლიტიკურ ძალაში „პატრიოტთა ალიანსში" გადაინაცვლა. რომელსაც ქუთაისის საკრებულოს 9 „ნაციონალი" დეპუტატი გაჰყვა. მათ შორის, კახაბერ ნემსიწვერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი. მას შემდეგ თევდორაძე დაკითხვაზე აღარავის  დუბარებია.

***

ქუთაისში მცხოვრებლებმა ჩინოვნიკთა ქონებებისა და წილების შესახებ ნაკლებად იციან. მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ არც ყიდვას ეკითხებიან და არც გაყიდვას. თუმცა ამბობენ, რომ მძიმე სოციალური მდგომაროების ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი უსახლკაროდ არის, მთავრობის წარმომადგენლების მიერ ქონების დაგროვება და თან ამ ფორმით, დანაშაულია.

(პირველი ნაწილი)

ავტორი: თეა ზიბზიბაძე